|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იდა ბახტურიძე-ქალების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება, სრულიადაც არ ნიშნავს კაცების უფლებების ოდნავ მაინც დაკნინებას

ფემინისტების, განსაკუთრებით ფემინისტთა აქტიური ჯგუფების, მიმართ არსებობს აგრესია საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან. ამ აგერესიის ერთ–ერთ მიზეზად შიში სახელდება. მაინც რატომ ეშინიათ ფემინისტების? რა კვებავს სექსიზმს? რატომ არსებობს ქალიშვილობის ინსტიტუტი? რატომ ეძლევა კანონის სახე დისკრიმინაციას? აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს გენდერის მკვლევარი, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი იდა ბახტურიძე.
–ჩემი აზრით, დღესაც კი ფემინიზმისადმი შიში სრულიად ირაციონალური და გაუაზრებელია, რადგან ყველაზე რადიკალურად განწყობილ ქართველ ანტი-ფემინიტს რომ დაუსვათ კითხვა, მაგალითად, რა იცის ფემინიზმის შესახებ, რომელ ფემინისტ ავტორს ან აქტივისტს იცნობს, პასუხს ვერ მიიღებთ. მაგრამ თავდაუზოგავად ებრძვის რაღაც ყურმოკრულ "დემონურ ძალას", რომელიც კაცებს ჩაგრავს და "ქართველობას ართმევს".  მე სულ მგონია, თუკი ამ ადამიანებს  ვინმე აუხსნის, რომ ფემინიზმს საერთო არაფერი აქვს ამ ყველაფერთან და რომ ფემინისტები ვინმეს წინააღმდეგ კი არა, ქალების უფლებების დასაცავად იბრძვიან და რომ ქალების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება, სრულიადაც არ ნიშნავს კაცების უფლებების ოდნავ მაინც დაკნინებას, ბევრი მათგანი, ალბათ, დაიწყებს გააზრება-გადააზრებას სრულიად უსაფუძვლო შიშების თუ აგრესიის. მეც მქონია ამის გამოცდილება, როდესაც პირისპირ ესაუბრები ადამიანს და ეუბნები, რომ მე ვარ ფემინისტი, აი, აქ ვარ, შენს წინ, მაგრამ არანაირი სურვილი შენი დაჩაგვრის არ გამაჩნია. პირიქით, დაჩაგრული ადამიანების არსებობაა ჩემი ფემინისტობის მიზეზი. ასეთ დროს,   აგრესიას არ იჩენს, შეიძლება გითხრას, რომ შენ "ცოტა სხვანაირი" ფემინისტი ხარ, სინამდვილეში ფემინისტები აგრესიულები არიან ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს პირველადი შთაბეჭდილება შეიცვლება, თუკი ფემინისტები  ჩვენს რეალობაში უფრო აქტიურად "გამოჩნდებიან".
თქვენ ახსენეთ "ფემინისტების აქტიური ჯგუფები“", სულ რაღაც მესამე წელია, ორი ფემინისტური ჯგუფი გამოჩნდა - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი და პარტიზანი გოგოები (რომელიც ანონიმური ჯგუფია). მანამდე ქართველი ფემინისტი თუ არსებობდა, ესეც კი ვერ წარმოედგინა ვერავის და ამიტომ, ხშირად გაისმის, რომ ფემინიზმი თავსმოხვეულია და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა, ისევ უცოდინრობიდან მოდის, რადგან ბევრს არ გაუგია, რომ საქართველოში ფემინისტური მოძრაობა დაახლოებით ევროპის პარალელურად, მე-19 საუკუნის ბოლოს, იწყება. ძალიან აქტიური და საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა იმ დროს, რისი ერთ-ერთი შედეგი ისიც იყო, რომ  1918 წლის საკანონმდებლო ორგანოში 4 ქალი დეპუტატი გვყავდა, ანუ 3%. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღეს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ 7%–ითაა გაზრდილი. მე-19 საუკუნეში დაწყებული მოძრაობა რომ არ შეეფერხებინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად,  საბჭოთა რეჟიმს, ჩემი აზრით, დღეს სრულიად სხვა რეალობა გვექნებოდა ქალთა უფლებების კუთხით.
რაც შეეხება ქალიშვილობის ინსტიტუტს, ეს უკვე შედეგია საზოგადოებაში არსებული სექსიზმის.  არსებობს ორმაგი მორალური სტანდარტები, ანუ ერთის მხრივ  ხდება  ქალის სექსუალობის კონტროლი სექსის დემონიზაციითა და სექსის ტაბუირებით (ქალისთვის), ხოლო მეორეს მხრივ კაცებისთვის სრული სექსუალური თავისუფლების მინიჭება, რაც თავისთავად იწვევს მახინჯი და ქალებისთვის სრულიად დამამცირებელი პრაქტიკების არსებობას საზოგადოებაში - ქალიშვილობის აღდგენა საქალწულე აპკის გაკერვით, ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტული ანალიზი და ა.შ.
ხოლო, რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, როდესაც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ანუ სახელმწიფო სტრუქტურაა, დაიწყო ყველა მსურველისთვის ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტიზის "მიყიდვა", ეს ძალიან შემაშფოთებელია.  სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობა, კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები ავალდებულებს, რომ მსგავსი (ვგულისხმობ ქალიშვილობის ინსტიტუტს), დამამცირებელი პრაქტიკების შეცვლაზე მიმართოს ძალისხმევა, აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ცდილობს მის შენარჩუნება-გამყარებას და ამავდროულად ფულის "შოვნას". ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავად ერთვება საკუთარი მოქალაქეების დისკრიმინაციაში.
–ფემინისტური მოძრაობის წინააღმდეგნი არიან სწორედ ქალები, დედები. ხშირად ისინი ხდებიან საკუთარი სქესის შეურაცხმყოფელნი...რატომ?
–გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, და ეს არ არის გასაკვირი. ქალიც და კაციც ამ სექსისტურ გარემოში სოციალიზდება, სადაც ყველა და ყველაფერი ქალს მორჩილებისკენ, თავისუფლების შეზღუდვისკენ და საკუთარი სურვილების მუდმივი რეპრესიისაკენ მოუწოდებს, ხოლო კაცს აიძულებს იყოს დომინანტი და ფლობდეს ძალაუფლებას. "აიძულებს" შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ პატრიარქალური სისტემა, კაცებსაც ჩაგრავს და ამაზე სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ. რომ დავუბრუნდეთ ქალებს, ისინი მართლა იჯერებენ, რომ  არსებობს პრივილეგირებული სქესი, რომელიც ფლობს ძალაუფლებას  და აქვს უფლება ნებისმიერი გზით მოითხოვოს-მოიპოვოს ქალისგან მორჩილება. სოციალიზაციის შედეგია ისიც, რომ ქალებს არ აქვთ სოლიდარობის განცდა ერთმანეთის მიმართ.
რაც შეეხება ფემინისტური მოძრაობისადმი ქალების დამოკიდებულებას, რაც ზემოთ ვთქვი, იგივე შემიძლია გავიმეორო. ერთია, არცოდნა იმისა, რომ ფემინიზმი არ არის კონკრეტული კაცების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა და შეიძლება ვინმეს ტრაფარეტულად მოეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური იდეოლოგიაა, რადგან თანასწორობის, სამართლიანობის და თავისუფლების პრინციპებს ეფუძნება. დღეს ფემინისტური მოძრაობა უკვე აღარ არის მხოლოდ ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მოძრაობა, ის მოიცავს ყველა მარგინალურ ჯგუფს, რადგან დიდი ხანია გააზრებულია, რომ პატრიარქალური კულტურა ჩაგრავს ყველას,  იმ მცირე ჯგუფის გარდა, ვისაც ეს სისტემა ერგება, ანუ ეს არის საშუალო და მაღალი კლასის, თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი კაცი, დანარჩენი ვართ ამ სტანდარტს მიღმა, შესაბამისად მარგინალიზებულები და ჩაგრულები. 
და მეორეა, რომ ქალს მთელი ცხოვრებაა არწმუნებენ, რომ მას ყველა ის უფლება არ აქვს, რაც მის გვერდზე მჯდომ თანაკლასელს, თანაკურსელს თუ ოჯახის წევრ ბიჭს. რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით  სარგებლობის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ კაცებს ერგო განგებით, ხოლო ქალს მხოლოდ იმით სარგებლობა შეუძლია, რაზეც კაცი გასცემს ნებართვას. ამ აზროვნების ადამიანს, რომ ეუბნები, ეს ტყუილია, რომ შენ ზუსტად იმდენივე უფლება გაქვს რამდენიც კაცს, რომ შენ არც იმაზე უარესი ან უკეთესი ადამიანი ხარ, ვიდრე კაცია, რა თქმა უნდა, ის ამას ასე "უმტკივნეულოდ" ვერ მიიღებს. ეს არ მიკვირს და არც მოულოდნელია. მთავარია, რომ სხვა პერსპექტივაც დაინახონ და დაფიქრდნენ ადამიანები, მერე უკვე თვითონ მიხვდებიან ბევრ რამეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
–ქართულ პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებობს დედის კულტი.იგი დამკვიდრებულია ენაში, სუფრაზე, იგი გადამწყვეტი ხმით მოქმედებს რიგ გადწყვეტილებებში (მაგალითად, ვაჟი ცოლს დედის არჩევანის და ნებართვის მიხედვით ირთავს). ამავდროულად იგივე ენა ამკვიდრებს დედის ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, მაგალითად, გინებას საკუთარი დედის მისამართით. რატომ მოქმედებს, რა წარმოშვებს ამ ორმაგ სტანდარტს?
–ეს ვრცელი თემაა და რამდენიმე წინადადებით გამიჭირდება საუბარი... ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ესეც ქალის სექსუალობასთანაა მჭიდრო კავშირში. შემთხვევითი არაა, რომ ქალები სტატუსს გარკვეული ასაკის შემდგომ იღებენ ოჯახში და ჩემი აზრით, ეს ფერტილური ასაკის შემდგომი პერიოდია. ეს საკვლევად ძალიან საინტერესო საკითხია.
–ქართულ საზოგადოებას რიგ საკითხში რამოდენიმე "ტესტის" გავლა მოუწია. ერთ-ერთი ტესტი იყო 17 მაისი, რამაც ძლიან მძიმე დასკვნების საფუძველი შექმნა. ალბათ იგივე ტესტი იყო ‘ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით გამართული სპეტაკლი "ვაგინა მონოლოგებ", რომელიც ასევე მძიმედ მიიღო საზოგადოებამ. თქვენ რა შეფასებას გაუკეთებთ აღნიშნულ "ტესტებს"?
–17-მა მაისმა იმდენი რამე დაგვანახა, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი. ჩვენი სექსუალური კომპლექსები, რელიგიური ფუნდამენტალიზმის აშკარა საფრთხე, ჰომოფობია და უამრავი სხვა ფობიის თუ რეპრესირებული კომპლექსის ფოიერვერკი იყო ეს დღე. შოკისმომგვრელი იყო იმის გააზრება, რომ 21-ე საუკუნეა კალენდარზე, მაგრამ ჩვენი ცნობიერება საუკუნეებით გვაშორებს ამ კალენდარს.
რაც შეეხება "ვაგინა მონოლოგებს", არა, ეს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივა არ იყო, ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებით დაიდგა. ვესწრებოდი პირველ სპექტაკლს თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  ყველაზე "მძიმე" რეაქციები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდათ, ბიჭები იყვნენ. სპექტაკლი მოგეხსენებათ, ქალის სხეულებრივ და სექსუალურ გამოცდილებას ეხება, რაც ამ საზოგადოებაში უკიდურესად ტაბუირებული თემაა და უეცრად ამის ხილვა სცენაზე, შოკისმომგვრელი იყო ბევრისთვის და რეაქციებიც ჩვენი კომპლექსების შესაბამისი.
 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა