|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეჩერებული პროექტები წყალტუბოში - "აღორძინების წელი" გადათხრილ ქალაქში

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოს გადაუფრინა. მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოში, "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაწყებულ და ამჟამად შეჩერებულ ინფრასტურქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

"გვქონდა ჩვენ პროექტი დაწყებული, რომლითაც წყალტუბოში ეს პარკები უკვე უნდა იყოს დამთავრებული, ზაფხულში უნდა დაგვემთავრებინა. ასევე, ახალი აბანოები, რომლებსაც სახელწიფო აშენებდა და საქართველოში ერთ-ერთი ყელაზე დიდი სასტუმრო "ინტერკონტინენტალი", ყოფილი "შახტიორის" ბაზაზე, რომელიც გაჩერდა. პროექტირების სტადიაზე ვიმყოფებოდით გვირაბის, რომელიც წყალტუბოდან ლენტეხის მთების გავლით, უნდა შესულიყო თეთნულდის კურორტზე. წელს ზაფხულში ეს კურორტი უკვე უნდა დამთავრებულიყო, იმიტომ, რომ ზამთარში უნდა გახსნილიყო. ერთი თეთრი არ დახარჯულა აქ ინფრასტრუქტურაზე და კომუნიკაციების მიყვანაზე," - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ცოტათი გრძელდება მსოფლიო ბანკის პროექტები, მაგრამ მთავარი პროექტი წყალტუბოში, რომელიც ითვალისწინებდა მთლიანად მთელი ინფრასტრუქტუის შეცვლას, გაჩერებულია.

"იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს ფული იქნა ამოღებული," - განაცხადა სააკაშვილმა.

წყალტუბოს თვითმმართველობაში კი, სადაც უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს, საპირისპიროს აცხადებენ და პრეზიდენტის შენიშვნას უსაფუძვლოს უწოდებენ. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ კაპანაძის ინფორმაციით, წყალტუბოში მხოლოდ ერთადერთი პროექტია შეჩერებული, რომელიც თავად კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით გაჩერდა. მისი თქმით, ტბასთან მიმდინარე პროექტი აზერბიჯანულ კომპნია "აზერტუნელთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო შეწყდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, წყალტუბოში ინფრასტრქტურული პროექტები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან იმ დრომდე იყო შეჩერებული, ვიდრე 2013 წლის ივნისში ადგილობრივ ხელუსუფლებაში "ქართული ოცნება" უმრავლესობით არ მოვიდა.

"ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე პროექტების 30%-იც კი არ იყო შესრულებული. 2013 წლის ივნისიდან აქტიურად ჩავერთეთ პროექტების განხორციელებაში ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად," - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალტუბოში მიმდინარე სამუშაოებს ყოველ ორ კვირაში აკონტროლებს. ნოდარ კაპანაძის ინფორმაციით, აღნიშნულმა სამინისტრომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტში ერთი თვის წინ გარკვეული ცვლილებები შეიტანა. სამინისტროს ინიციატივით ადრინდელ პროექტს ახალი სამუშაოები დაემატა. კერძოდ, განათების საყრდენი ბოძების ბორდიულების განახლება. ასევე, სამინისტროს ინიციატივით წყალტუბოს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განათების რიგის, ავტოპარკირების ადგილის და მწვანე გაზონის ზოლის დამატება მოხდება.

გორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, ამჟამად, წყალტუბოს ცენტალურ წრიულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი გზის საფარი დაიგება და ნოემბრის ბოლოს დასრულებულ სახეს მიიღებს.

ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ მთლიანად წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი 2014 წლისთვის დასრულდება. საკრებულოს თავმჯდომარის ამ ვარაუდს "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ადგილობრი ორგანიზაციის წევრები სკეპტიკურად უყურებენ. საკრებულოს ადმინიტრაციის უფროსი, ლევან ლექვინაძე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, ამბობს, რომ ქალაქში ამჟამად ის პროექტები გრძელდება, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ შარშან გააფორმა.

"250 მილიონი ლარი და მოხმარებოდა წყალტუბოს სრულ რეაბილიტაციას. ქალაქი განვითარდებოდა არა მარტო ბალნეოლოგიური, ასევე ტურიზმის კუთხითაც. წყალტუბო, თავისი პოტენციალით იქნებოდა ამიერავკასია ყველაზე განვითარებული კურორტი. ახლოს გვაქვს ორი მღვიმე, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველია. ამ ეტაპზე ეს პროექტები გაჩერებულია. გაჩერდა ის, რაც ჩაფიქრებული იყო და იგეგმებოდა. რაც ახლა მიმდინარეობს, უკვე შარშანდელი გაფორმებული პროექტებია და მათზე დაახლოებით 40 მილიონია დახარჯული. რაღაც ეტაპზე ესეც გაჩერდა, მაგრამ ამჟამად, ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს," - ამბობს ლევან ლექვინაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ მიმდინარე პროექტები 2014 წლის ბოლოს დასრულდება, ლევან ლექვინაძეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია.

"ჯერჯერობით, მიწისქვეშა სამუშაოებიც არაა დასრულებული," - აცხადებს ლექვინაძე და მიაჩნია, რომ ნელი ტემპით პროექტების გაგრძელება, ინვესტორებს წყალტუბოს მიმართ ინტერესებს დაუკარგავს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ 2013 წელი წყალტუბოს აღორძინების წლად იყო გამოცხადებული.

 

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა