კომფორტი 70 000 ლარად - ქუთაისის მერია რემონტიდან რემონტამდე
ქუთაისის
საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ბოლო ორი თვის განმავლობაში,
სარემონტო სამუშაოებისთვის 67 ათას ლარამდე დაიხარჯა. მაშინ როცა, ქალაქში
მცხოვრები სოციალურად დაუცველები თვითმმართველობისგან დახმარების მიღებას
ვერ ახერხებენ. აღნიშნულის გამო, გასულ კვირას, სოციალურად დაუცველ ორმოცაძეების
ოჯახს სახლი ჩამოენგრა.
ქუთაისის ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე აცხადებს, რომ მერიაში სარემონტო
სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება. მისი თქმით, ამჯერად, რემონტი იმ კაბინეტებში ჩატარდა, სადაც გასულ წელს სამუშაოები
სათანადო ხარისხით არ შესრულდა.
„გარემონტდა
ის ოთახები, სადაც მდგომარეობა სავალალო იყო. მაგალითად, ჩემი ოთახის ჭერი
რამდენიმე ხნის წინ ჩამოვარდა და ჩემთან კაბინეტში ვიზიტად მყოფ რამდენიმე
ადამიანს ლამის თავზე დაეცა," - აღნიშნავს თენგიზ თოფურიძე.
ქუთაისის
საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ
შენობაში სარემონტო სამუშოებისათვის
ტენდერი 2013 წლის 9 ივლისს გამოცხადდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება
79 136 ლარს შეადგენდა. მასში მონაწილეობის მსურველი ექვსი კომპანია აღმოჩნდა
- შპს „თბომშენი", „თეგიკაუნივერსალი", შპს „მმი-XXI", „თ-ბ კაპიტალი", „ამაგი" და შპს „ზაზო".
საბოლოოდ,
მერიამ 2013 წლის 16 აგვისტოს, ხელშეკრულება შპს „ზაზოსთან" გააფორმა,
რომელმაც სარემონტო სამუშაოების შესრულებაში 66 797,89 ლარი მიიღო.
სატენდერო
დოკუმენტაციის მიხედვით, რომელსაც ხელს ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი
კოპალიანი აწერს ირკვევა, რომ სამუშაოების შესრულება კომპანია „ზაზომ" ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2 თვის
განმავლობაში განახორციელა.
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში რემონტი ოთხივე
სართულზე განთავსებულ ოთახებს ჩაუტარდათ. მეორე სართულზე გარემონტდა
დერეფანი და 15 ოთახი, მესამე სართულზე - 13 ოთახი, ხოლო მეოთხე სართულზე
4 ოთახი და დერეფანი.
ასევე,
სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდა მესამე და მეოთხე სართულებზე
არსებულ ქალთა და მამაკაცთა სანიტარული კვანძებში.
შპს
„ზაზოს" მიერ მოგებული აღნიშნული ტენდერის ფარგლეში ასევე, განხორციელდა
ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა
განყოფილების კუთვნილი ოთახის სარემონტო სამუშაოები.
შპს
„ზაზო" 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას იმერეთის რეგიონში არაერთი საჯარო
უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფირმის მიერ
რეგიონში მოგებული ტენდერების რაოდენობა 2009 წლიდან დღემდე 28,57%-ს შეადგენს,
ხოლო წაგებულის - 54,29%.
შპს „ზაზო"-ს მიერ მოგებულ ტენდერს
შორის არის ქუთაისის მერიის მიერ 2013 წლის
14 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ქუთაისის მასშტაბით, მერიის
მიერ განსაზღვრულ ადგილებში, 334 ცალი საბაღე ძელსკამების შეძენა-მონტაჟს
ითვალისწინებდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, 2013 წლის 12 ივლისის მერიასა და „ზაზოს" შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას აღნიშნული
ძელ-სკამების განთავსებისათვის 77 555
ლარი გადაეცა. გამოყოფილი თანხის მიხედვით, კომპანიამ ერთი საბაღე ძელსკამის
შეძენა-მონტაჟისთვის 232, 20 ლარი უნდა დახარჯოს. ქალაქის მასშტაბით ძლესკამების
განთავსება ფირმამ 25 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.
ავტორი: დეა მანაგაძე