|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და არა ძაღლი - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

გუმათში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები 30 დევნილი ოჯახი სასწრაფო დახმარებას ითხოვს.

მათი მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაა, რადგან დევნილთა ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისია.

იხილეთ ფოტო 

ანტისანიტარიული პირობები, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასების გროვა შენობის საძირკველში და მწყობრიდან გამოსული სახურავიდან გაწვიმებული საცხოვრებელი ოთახები - ყველა ეს პრობლემა, სოფელ გუმათში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ.

აღნიშნულ შენობაში, 120-მდე დევნილი 20 წელია რაც კომპაქტურად შეასახლეს. ამდენივე წელია რაც ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ელოდებიან.

„ეს შენობა თავიდანვე  პრობლემური იყო.  ყოველთვის ჩამოდიოდა სახურავიდან წყალი და საშინელი ნესტი იდგა. ახლა მთლად გამოსულია მწყობრიდან ყველაფერი და აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. ხშირად გვიცივდება ბავშვები, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოთახებში სადაც კედლები იშლება, ზედმეტია სისუფთავის დაცვაზე საუბარი. აქ სრული ანტისანიტარიაა,“ - ამბობს ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები ნათია ქაშაკაშვილი.

ანტისანიტარიის მიზეზი, გარდა ამორტიზებული ოთახებისა, როგორც ირკვევა, ამავე შენობის საძირველში გამავალი ცენტრალური საკანალიზაციო მილია. მილი მყწობრიდან გამოსულია და სკოლა-ინტერნატში მცხოვრებლებისთვის დიდი ხანია  მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს.  

„საკანალიზაციო მილი სულ გამოდიოდა მწყობრიდან. მოვიდოდნენ შეაკეთებდნენ და რამდენიმე კვირაში ისევ ფუჭდებოდა. სავსეა ფეკალური მასებით შენობის საძირკველი. ამის  გამო ისეთი სუნი და სიბინძურეა ირგვლივ, რომ გავლაც კი შეგზიზღდება ადამიანს,“  - ამბობს დევნილი როლანდი ფიფია.

ანტისანიტარიული გარემოპირობები დევნილთა საცხოვრებელში, განსაკუთრებით მძიმე ასატანი პენსიონერი ნანული ჯიჯელავასთვისაა. ჯიჯელავა ავადმყოფ მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს და მისი საცხოვრებელი ოთახის ფანჯრები, სწორედ იმ სარდაფის ზევით გადის, სადაც მოშლილი საკანალიზაციო მილია განთავსებული.

„ბოლოს როდის გავაღე ფანჯარა არც მახსოვს. არადა ჩემს ავადმყოფ დედას ყველაზე მეტად სუფთა ჰაერი სჭირდება. მეტი აღარ შემიძლია, უკვე მეც ასაკში ვარ და მინდა მეღირსოს ერთი სუფთა ოთახი, სადაც ვიგრძნობ, რომ ადამიანი ვარ და არა ძაღლი,“ -ამბობს ნანული ჯიჯელავა.

ყოფილი სკოლა-ინტერნატის ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.

„ჩვენი სხვაგან გადაყვანა დროულად უნდა მოხდეს და ვითხოვთ ყურადღებას. ადგილობრივი წარმომადგენლობიდან რამდენიმეჯერ იყვნენ მოსული და შეგვპირდნენ, რომ ახალ წლამდე გადაგვიყვანენ აქედან. ვიმედოვნებთ, ეს დაპირება ზღაპრულ და აუხდენელ საარჩევნო დაპირებას არ დაემსგავსება,“ - ამბობენ დევნილები .

როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოში განმარტავენ, გუმათის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობიდან, მათ 3 ოჯახი უკვე  გადაიყვანეს.

განსაკუთრებული უპირატესობა დევნილებისთვის ბინების გადაცემის დროს,  იმათ ენიჭება, ვინც ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. ამიტომაც, აქედან სამი ოჯახი უკვე გადავიყვანეთ. დანარჩენებს კი უკვე შევსებული აქვთ აპლიკაციები. მოხდება მათი განხილვა, დევნილთა საცხოვრებელი პირობების შეფასება-დაზუსტება და ამის ფონზე განსახლების კომისია დაადგენს, თუ ვის გადაეცემა პირველ ეტაპზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები,“ - ამბობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსი ლიკა კილაძე.

მანამდე კი  ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები იმედს არ კარგავენ. ისინი ფიქრობენ, რომ კომისია მათ მოთხოვნებს დროლად დააკმაყოფილებს და ახალ წელს, ახალ სახლებში შეხვდებიან.

იხილეთ ფოტო 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა