|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო არ შექმნილა რომელიმე ეთნოსის, ან რელიგიის გადასარჩენად - დისკუსია ქუთაისში

“თანასწორობა ეს არის გასაღები საზოგადოების განვითარების, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლის. ის უმთავრესი ღირებულებაა, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - განაცხადა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა ქუთაისში, ჩაის სახლში გამართულ შეხვედრა-დისკუსიაზე. აღნიშნული დისკუსია, რომელიც ტოლერანტობის თემას ეხებოდა,  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გახლდათ ინიცირებული და ორგანიზებული.

ორგანიზატორთა განმარტებით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ტოლერანტობის თემაზე დისკუსიებს ხშირად აწყობს, თუმცა ქუთაისში მსგავსი შეხვედრა პირველად გამართა.

დისკუსიას უძღვებოდნენ იურსიტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. ხოლო დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალო აქტივისტები და ა.შ. 

შეხვედრის დასაწყისში გიორგი მშვენიერაძემ შეუწყნარებლობის ყველა ის ფაქტი გაიხსენა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა - 17 მაისი, ნიგვზიანი, წინწყარო, ჭელა, ბოლოს ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებული ინციდენტები, რომლებმაც ქართული ტოლერანტობის მითი სრულიად გააქრეს და ქართული საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენეს.

თუკი საქართველოს სურს იყოს ევროპული  და განვითარებული სახელმწიფო, მან უნდა ისწავლოს ტოლერანტობა, აღინიშნა შეხვედრაზე.  

შეუწყნარებლობის ფაქტები ბევრი მიზეზით აიხსნა -  70 წლიანი საბჭოთა მავნე მემკვიდრეობა, განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობა, რუსეთის, როგორც შუღლის გამღვივებლის ფაქტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არასწორი პოზიცია და ასევე, საქართველოს ისტორიის არცოდნა.

ბექა მინდიაშვილის თქმით, ქართველი ისტორიოგრაფები გვერდს უვლიან იმ ფაქტებს, რომ საქართველოს ყავდა როგორც ქრისტიანი, ისე მუსულმანი და კათოლიკე მეფეები. მაგალითად, სწორედ მუსულმანი მეფე როსტომის დროს საქართველოს 70 წელი ომი არ უნახავს.  ხოლო რაც შეეხება ქართველობის და მართლმადიდებლობის გაიგივებას, თეოლოგის თქმით, ამ იგივეობის სიმცდარეს ისიც ადასტურებს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღიარებული ბევრი წმინდანი ეთნიკურად არაქართველია.

„თითქმის მე-9 საუკუნემდე ქართველი წმინდანი არ სახელდება- შუშანიკი, აბო, წმინდა ნინო, ასურელი მამები - არც ერთი არაა ქართველი“- აღნიშნა თეოლოგმა.

„რეალურ ქართულ ტრადიციას სწორედ მრავალფეროვნების კულტურა წარმოადგენს. ამიტომ ისლამის და ქრისტიანობის, იუდაიზმის და ქრისტიანობის თანასწორობა ისტორიული სტატუს კვოა,“, - აღნიშნა ბექა მინდიაშვილმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადსხვა ცნებებზე, რომლებიც დღეს არასწორად ესმით. აი, თუნდაც სახელმწიფო.

„სახელმწიფო არ შექმნილა რომელიმე ეთნოსის, ან რელიგიის გადასარჩენად. სახელმწიფო შეიქმნა ადამიანის გადასარჩენად. მთავარი ფასეულობა ადამიანია“, - ითქვა შეხვერაზე. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა