|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დარღვევებით დაწყებული საარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სამსახურიდან მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და კონტროლის პალატის  შეუზღუდავი უფლებამოსილება - ეს ის საკითხებია, რომლებიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგმა გამოკვეთა.

მონიტორინგი 3 თვის განმავლობაში (მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით) მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაცია საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგები და შედეგებზე დაყრდნობით გამოთქმული მოსაზრებები  საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებს დღეს, დემოკრატიული  ჩართულობის  ცენტრში გააცნეს.  

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილის ნინო თვალთვაძის თქმით, მონიტორინგის პროცესი სამი მიმართულებით განხორციელდა. პირველი მიმართულება საბიუჯეტო რესურსს შეეხო. ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, ინიცირებული პროგრამები რამდენად უკავშირდებოდა საარჩევნო წელს. ტენდენციების უკეთ  გამოკვეთის მიზნით, ორგანიზაციამ სამი წლის ბიუჯეტის (2010- 2011-2012 წლები) შედარება მოახდინა.

 როგორც აღმოჩნდა, საქართველოს 2012 წლის ცენტრლურ ბიუჯეტში ხარჯების ზრდა რამდენიმე მიმართულება მოხდა. კერძოდ,  სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განხრით. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებს, აქ თანხების ზრდა თანამშრომელთა ხელფასების ფონდს, სოციალური და ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული,  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამებს შეეხო. ასევე, გაიზარდა ნარჩენების გატანის, ქუჩების დასუფთავებისა და გარე განათების პროგრამების ბიუჯეტები. მაგალითად, ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ცალკეული პროგრამების დაფინანსება. როგორიც არის პროგრამა „კორპუსი“. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქუთაისის ბიუჯეტის მაგალითზე განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამების ხარჯები. 2010 წელს აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 115 800,  2011 წელს - 171 500, ხოლო მიმდინარე წელს 917 500 ლარია გამოყოფილი.

წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  გარკვეულ პროგრამებზე თანხების გამოყოფა მხოლოდ საარჩევნო - 2010 და 2012 წლებში მოხდა, ხოლო 2011 წელს მისი განსახორციელების მიზნით თანხები გამოყოფილი არ ყოფილა. ასეთ   პროგრამად ქუთაისის ბიუჯეტის მაგალითზე  ეზოებში საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება სახელდება, რისთვისაც  300 0000 ლარია გათვალისწინებული.

„2011 წლის ბოლოსა და 2012  წლის დასაწყისში ადგილი აქვს ხელისუფლების მიერ მასშტაბური, ერთჯერადი  საბიუჯეტო პროგრამების განხორციელებას, რომელიც თავისი არსით ბევრ კითხვას ბადებს. შესაძლოა, ამ წამოწყებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო რესურსებით საარჩევნო ამოცანების მიღწევა იყოს. ერთჯერადი  ხასიათის პროექტები მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსს მოითხოვს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ეფექტურობა ნაკლებადაა დასაბუთებული. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მასშტაბური პროექტები რატომღაც ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში ხორციელდება,“ - ნათქავამი ანგარიშში.

ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო მიზნებისთვის ბიუჯეტის რესურსის გამოყენებაზე ოპოზიციური სპექტრიც საუბრობს. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ნატო ქათამაძის თქმით, სოციალური პროგრამების განხორციელების მიზნით გაზრდილი თანხების ათვისებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მათი  ოჯახის წევრები ახორციელებენ. ქათამაძის თქმით, რეალური საჭიროების მქონე პირები პროგრამების ბენეფიციართა სიაში ვერ ხვდებიან.

„ამის ნათელი მაგალითია სიმსივნით დაავადებული მოქალაქე, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების მიზნით მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. სოციალური პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხები მმართველი გუნდის აქტივისტების კეთილდღეობას ხმარდება.  ხელისუფლება აგრძელებს ხალხის მოსყიდვას, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებ, რადგან  ეს ყველაფერი ბიუჯეტის თანხით ხდება. ჩვენ ხელს გვიშლიან რეალური საქმის კეთებაში. სამაგიეროდ, აგრძელებენ მოსახლეობის დაშინებას იმისთვის, რომ  საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობა შექმნან და ხალხს მომავლის იმედი დაეკარგოს,“ - ამბობს ნატო ქათამაძე.

ქუთაისის საკრებულოს წევრი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი  მერაბ მეშველიანი მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად ჯერ დაწყებული არ არის.

„სოციალური პროგრამების ბიუჯეტისათვის თანხების ზრდა ბენეფიციარების კმაყოფილების მიზნით მოხდა. ამ ნაბიჯმა ბენეფიციართა კმაყოფილების და არა რაოდენობრივი ხარისხის გაზრდა გამოიწვია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის თანხების გაწერას,  ამას ქუთაისის პოლიტიკური  სტატუსი მოითხოვს.  რაც მეტი თანხა იქნება ჩადებული გზების,  სანიაღვრე  თუ გარეგანათების სისტემის  მოწესრიგებაში, ეს უფრო წაადგება ქალაქს,“ - ამბობს  მერაბ მეშველიანი.

წისაარჩევნო პროცესების კვლევის სამი მიმართულებიდან ერთ-ერთს პოლიტიკური ნიშნით დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლს ფაქტების გამოვლენა წარმოადგენდა. აღნიშნულის მაგალითად
საჩხერელი პედაგოგები დასახელდნენ, რომლებმაც სამსახური პოლიტიკური შეხედულების მიზეზით დაკარგეს.

მოსახლეობის დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ანგარიშში მედიით გავრცელებული სხვა ფაქტებიც არის მოყვანილი. მათგან  ერთ-ერთი ფაქტი საჩხერეში, საახალწლო  კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინცინდენტს და არასრულწლოვნის ცემას ეხება. ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის 13 იანვარს, ღამით, საახალწლო კონცერტის მიმდინარეობის დროს, მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაყურებლებს საჩხერეში, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ესაუბრებოდნენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელისუფლებისთვის მიწერა მოსახლეობამ ხმადაბალი შეძახილით გააპროტესტა, რასაც „სოდის“ თანამშრომლების რეაქცია, ამ უკანასკნელს კი ადამიანთა ცემა და დაშავება მოჰყვა. იმავე კონცერტის მსვლელობისას, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს  ერთ-ერთ არასრულწლოვანს.    

საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგის უკანასკნელი  მიმართულება კონტროლის პალატის საქმიანობას ეხება. ნინო თვალთვაძის   თქმით, კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით,  მაკონტოლებელ უწყებას არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ კერძო და ფიზიკური  პირების ანგარიშების შემოწმების უფლებაც მიეცა.

„ამის ბევრი ფაქტი იყო დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულს მოწმობს კონტოლის პალტაში მოქალაქეთა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების’ ოფისების მეპატრონეთა დაკითხვა,“ - ამბობს ნინო თვალთვაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა