პაატა შამუგია - მწერლებს ბოდიში უნდა მოუხადონ
ამ დღეებში მწერალი ზურაბ ქარუმიძე კრიტიკის, უფრო ზუსტად,გარკვეული აგრესიის ობიექტი გახდა მისი რომანის "მელია-ტულეფია" გამო. მწერლის ზოილების (მათ შორის პარლამენტის დეპუტატის და ერთ-ერთი გაზეთის წარმომადგენლების) აზრით თითქოსდა ქარუმიძემ თავისი ტექსტით სვანურ რიტუალს და ზოგადად სვანებს მიაყენა შეურაცხყოფა. ქარუმიძეს ღიად დაუპირისპირდა დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი. მსგავსი დაპირისპირება საზოგადოების მხრიდან მხატვრული ტექსტის გამო პირველი შემთხვევა არ არის საქართველოში. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას მყარ ტრადიციად და „დიდ ეროვნულ ვალდებულებადაც“ იქცა. რა არის ამის მიზეზი? რატომ ხდება მხატვრული ნაწარმოების პირდაპირი სწორხაზოვანი გაგება? რა შედეგები შეიძლება ახლდეს ტექსტების ამგვარ "ინტერპრეტაციას"?
აღნიშნულ საკითხებზე newpress.ge-ს ესაუბრება პოეტი პაატა შამუგია.
- საზოგადოებრივი აზრის ცენზურის ქვეშ საქართველოში ბევრი ავტორი მოექცა (თქვენც მათ შორის). სადღეისოდ როგორც ჩანს ზურაბ ქარუმიძის "რიგი" დადგა (ეს გააქტიურება ალბათ მისი ბრიტანეთში ელჩად შესაძლო დანიშვნამაც გამოიწვია) რა შედეგები შეიძლება მოყვეს საზოგადოებრივი აზრით შექმნილ ცენზურას? რა მომავალი აქვს ლიტერატურას თუ ხელოვნების სხვა დარგებს ამ ვითარებაში?
-ამ კლინიკურ შემთხვევაზე ერთი ამბავი მახსენდება: თეოლოგიური
კამათისას მწერალმა და მეცნიერმა, რობერტ ბარონმა ასეთი არგუმენტი მოიტანა – "ორგანზომილებიანი
ობიექტი ვერ წარმოიდგენს სამგანზომილებიან არსებას". ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა - ერთგანზომილებიანი
"ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი ვერ წარმოიდგენენ ლიტერატურული ნაწარმოების მრავალ
განზომილებას, მათ ამისათვის საკმარისი ნაოჭები არ აქვთ ტვინზე. მე, როგორც წესი, არ
დავცინი ხოლმე გაუნათლებელ ადამიანს, რადგან შესაძლოა, მას განათლების მიღების საშუალება
არ მიეცა. მაგრამ როცა ჩვენი ხელფასით გაქსუებული დეპუტატი ხარ და უსაშველო სირეგვნეს მიხეთქებ, ვალდებულიც
კი ვარ, დაგცინო.
ამ სამარცხვინო გნიასის გამო, როგორც ამბობენ, "ქართულმა ოცნებამ"
შესაძლოა მწერალ ზურაბ ქარუმიძის ბრიტანეთში საქართველოს ელჩად წარდგინებისგან თავი
შეიკავოს.
იმედი მაქვს, საღად მოაზროვნე პარლამენტარები (ასეთებიც
არიან) ადეკვატურად შეაფასებენ თავიანთ კოლეგას და პასუხსაც გასცემენ.
ზურაბ ქარუმიძე არის მნიშვნელოვანი ქართველი მწერალი
და ინტელექტუალი და ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, თუ პოლიტიკური ელიტა ცილისმწამებელი, კომკავშირული პათოსის,
ყოვლად გოიმური ყვითელი გამოცემების ჭკუაზე გაივლის.
რაც შეეხება "მელია-ტულეფიას"
და მასში აღწერილ სვანურ რიტუალს. ეს რიტუალი პირველად აღიწერა ქართული ისტორიოგრაფიის
მამის, ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის წიგნში
"ქართველთა წარმართობა". მაშინ ამოთხარონ ჯავახიშვილის ცხედარი. მაგრამ ეს
არაა მთავარი. ისტორიკოსს ან დოკუმენტალისტს მართლაც შეიძლება მოსთხოვო ფაქტების ნამდვილობა,
მაგრამ იგივე მოითხოვო მხატვრული ტექსტისგან - ეს ნამდვილად კლინიკური შემთხვევაა.
-რამდენად საჭირო იყო ან არის საჭირო რომ მწერალმა ახსნა განმარტებები მოაყოლოს და ლამის ბოდიში მოიხადოს მისი მხატვრული ტექსტის გამო?
-მწერალს არასდროს შეუძლია იმაზე მეტი თქვას ნაწარმოებზე,
ვიდრე დაწერა. ტექსტის გასაღები დევს ტექსტშივე და ვისაც გაგება უნდა (და შეუძლია),
ის გაიგებს. მე არ მაქვს ილუზია, რომ ორღობის პრესა და ზომბი დეპუტატი შეძლებენ რომელიმე
მხატვრული ტექსტის სიღრმისეულად გაგებას, მაგრამ მჯერა, რომ გარკვეული მეცადინეობის
შემდეგ შეიძლება ადამიანმა გადალახოს სირთულე და შეუდგეს აზროვნებას.
რაც შეეხება ბოდიშს. ეს არაა პირველი მაგალითი ისტორიაში,
როცა "კომსომოლები" და მათთან გათანაბრებულები ცოფიანებივით უტევენ რომელიმე
მწერალს. ყველა ასეთი შემთხვევა სრულდება კომსომოლების სანაგვეში განთავსებით. საინტერესოა
ისიც, რომ ამორალები ყოველთვის მორალისტური პოზიციებიდან უტევენ მწერლებს (მთელი მწერლობის
ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით, უჩვეულო არაფერი ხდება). ბოდიში, პირიქით, მწერლებს
უნდა მოუხადონ.
- ლიტერატურიდან კვლავ ჭკუის სწავლებას მოითხოვენ. (ალბათ ესეც არის მიზეზი საზოგადოების მხრიდან ტესტის მკაცრი "კონტროლის"). რამ შეიძლება დაასრულოს, შეცვალოს დიდაქტიკისადმი განსაკუთრებული ვნების ერა საქართველოში?
-ლიტერატურისგან ყველას შეუძლია, მოითხოვოს ის, რაც უნდა.
მთავარია, ცენზურა არ იყოს და მწერალზე არ ძალადობდნენ ტექსტის გამო. ის, რაც ახლა
ხდება, არის ჩვეულებრივი ძალადობა. როცა პარლამენტის წევრი გამოდის და მხატვრული ნაწარმოების
გამო "ფალოსს" უწოდებს მწერალს, როცა პარლამენტის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას
ახდენს იმით, რომ მათაც "ფალოსს" დაუძახებს, ხმას თუ მისცემენ ამ მწერლის
კანდიდატურას, ეს არის ცენზურა, ზეწოლა, ფსიქოლოგიური წნეხი და.ა.შ. მეგონა, ჩვენ გავიარეთ
ეს ეტაპი, მაგრამ როგორც ჩანს, კომსომოლები ისევ არიან.
და რაკი უფალ სოსო ჯაჭვლიანს ასე ჰყვარებია ფალოსის
ხშირად ხსენება, გულს არ დავწყვეტ და აქვე
დავუტოვებ ტარიელ ჭანტურიას ეპიგრამას:
"გეუბნებიან, უფალო სოსო,
რა ვქნათ, რა გიყოთ, უფალოსოსო".
ავტორი: ეკა კუხალაშვილი