სულხან გოგოლაშვილი - დაბრუნება თეატრში
მესხიშვილის თეატრის დირექტორის პოსტზე თეატრის სამხატვრო საბჭომ მხარი სულხან გოგოლაშვილის კანდიდატურას დაუჭირა. საბოლოო სიტყვა კულტურის სამინისტროზეა. თეატრი ამ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ აცხადებს. ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მსახიობთან 2 წლის წინ ჩავწერე და რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მესხიშვილის თეატრში მის დაბრუნებას უკავშირდება.
20 წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნების მიზანი სულხან გოგოლაშვილისათვის, როგორც მსახიობისათვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სურვილი იყო. ქუთაისის მესხიშვილის თეატრიდან ის 1993 წელს წავიდა. მანამდე კი, 3 წლის განმავლობაში ჰქონდა საინტერესო როლები, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა გაურკვეველმა მდგომარეობამ აიძულა, თეატრი დაეტოვებინა და საკუთარი შესაძლებლობები სხვა ასპარეზზე ეძებნა. დაბრუნება კი ახალგაზრდა რეჟისორთან, ლევან ბიბილეიშვილთან ერთად მოხდა, სპექტაკლით „სტუმარი“, სადაც მან ფილოსოფოსის, ზიგმუნდ ფროიდის როლი შეასრულა.
სპექტაკლი წარმატებული გამოდგა. მისი გამოსვლის შემდეგ სულხან გოგოლაშვილმა თეატრში სამუშაოდ დარჩენის წინადადებაც მიიღო. ჯერჯერობით კი, ის სტუმარი - მოწვეული მსახიობია.
- რამდენიმე ფაქტორი არსებობს ჩემი თეატრში დაბრუნების. მე ქუთაისელი ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდი, თეატრიდან წასვლის შემდეგ იქ ბიზნესით დავკავდი. მაგრამ ის, რომ აქ მაქვს მშობლების სახლი (სამწუხაროდ, მშობლები დამეღუპნენ) მინდოდა, ამ ყველაფრისათვის მიმეხედა - აღმოჩნდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქუთაისში წამოვსულიყავი. მთავარი და გადამწყვეტი როლი თვითონ ლევან ბიბილეიშვილმა, ამ სპექტაკლის რეჟისორმა, შეასრულა. ჩვენ თბილისში ვმეგობრობდით და როდესაც მან პიესა - ერიკ ემანუელ შმიდტის „სტუმარი“ წაიკითხა, მითხრა, ეს როლი შენ უნდა ითამაშოო.
ლევანი ამ დროს მარიონეტების თეატრში რეზო გაბრიაძესთან მუშაობდა. ეს სპექტაკლი მისთვის სადიპლომო ნამუშევარი უნდა ყოფილიყო. მე ვეუბნებოდი, რატომ რისკავ, შენ ხომ მე სცენაზე არ გინახივარ?.. მაგრამ მისი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა - სპექტაკლი ქუთაისში, მცირე სცენაზე დაიდგა. სპექტაკლში პარტნიორობას ახალგაზრდა მსახიობები გიორგი ჩაჩანიძე, ნინი ქარჩავა და ალეკო ფურცხვანიძე მიწევენ. ისინი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, დაამთავრეს თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი და წამოვიდნენ ჩვენთან, თეატრში. ამ ახალგაზრდებთან და ჩემი 20 წლის პაუზის მქონე „ძველგაზრდული სახით“ შევქმენით ეს, მართლაც საინტერესო სპეკტაკლი.
პიესაში დასმული პრობლემატიკა, რომელიც ღმერთის არსებობა-არარსებობის თემას უკავშირდება, უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის შეხედულებები, საინტერესოდ არის გადმოცემული. ზოგი ღმერთს უწოდებს იმ პერსონაჟს - სტუმარს, რომელსაც მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე თამაშობს, ზოგი მთავარი გმირის „ალტერ ეგოს“, მთავარი ის არის, რომ მაყურებლამდე ძალიან სწორად მივიდა დასმული პრობლემატიკა.
ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, რეჟისორმა მოახერხა, რთული ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკის მაყურებლისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმით მიწოდება. ის, რომ სპექტაკლი კარგი გამოვიდა, ეს არის, პირველ რიგში, რეჟისორის დამსახურება -
See more at: http://aianews.ge/
ავტორი: ირინა მაკარიძე