"თანასწორობა გვჭირდება" - ქუთაისში აქცია- პერფორმანსი მიმდინარეობს [PHOTO]
ქუთაისში მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. კამპანიის "თანასწორობა გვჭირდება" მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ღონისძიების ორგანიზატორის გაეროს გენდერული თანასწორობის პროგრამის ხელმძღვანელის მაკა მეშველიანის განცხადებით, აქციის სამიზნე აუდიტორიას როგორც ქალები, ასევე მამაკაცები წარმოადგენენ.
მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მეწარმე ქალები. დისკუსიის ერთ-ერთი თემა ოჯახში ქალის შრომა იქნება, რაც საქართველოში ქალის ვალდებულებად მიიჩნევა, თუმცა, მისივე თქმით, შრომა თანაბრად უნდა გადანაწილდეს ქალებსა და მამაკაცებს შორის.
"კამპანიის მიზანია, რომ მოხდეს ქალების ცნობიერების ამაღლება, რომ მათ უფრო მეტად დააყენონ საკუთარი უფლებების დაცვის საკითხი როგორც თავიანთ სოციუმში, ასევე შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ გავლენა მოვახდინოთ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერებაზე, რომ მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას"-განაცხადა მაკა მეშველიანმა.
კამპანია "თანასწორობა გვჭირდება" თბილისში დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდა. ქუთაისი მეექვსე ქალაქია, სადაც ღონისძიება იმართება, რითაც რეგიონული ტური მთავრდება.
სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 წელს დაიწყო, მისი ინიციატორები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა არიან.
ავტორი: ირინა მაკარიძე