თეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ვიზიტი მინისტრის კაბინეტის დირექტორთან, მატიე ერონდართან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში.
სამუშაო ვიზიტის პირველი დღე 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის სისტემის, იუსტიციის ოფიცრების მიერ გატარებული აღმზრდელობითი ღონისძიებების შინაარსისა და არასრულწლოვანთა მიერ დახურულ და ღია დაწესებულებებში სასჯელის აღსრულების საკითხების განხილვას დაეთმო. დისკუსიას საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდების სამართლებრივი დაცვის დირექციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროირიტეტი არის არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯავრდებულთა ხარისხიანი მომსახურება, მათი პროფესიული მომზადება/გადამზადება, სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება საქართველოს პენიტენციური სისტემის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, სისტემის უფრო ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოში მცირე ზომის (500-600 პატიმარზე გათვლილი) დაწესებულებების მშენებლობა იგეგმება. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედებული განრიდება/მედიაციის პროგრამებით საქართველოში უკვე 3000-მა არასრუწლოვანმა ისარგებლა, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველო ასევე გამორჩეულია თავისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სისხლის სამართლის პროცესით.
სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური ადმინისტრაციის დირექციის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო სასჯელის აღსრულების სისტემას და პენიტენციური სისტემის მართვას. ამასთანავე, თეა წულუკიანი და გიორგი პატარიძე ნანტერში სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვივნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ პროცესს, თუ როგორ ხდება ციხეში შესვლის პირველივე დღიდან პატიმრის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციაზე ზრუნვა და მისი მომზადება გათავისუფლების დღისთვის.
„საფრანგეთის სპეციალისტებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის საინტერესოა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 14 წლის და უფროსი არასრულწლოვნების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხებს არეგულირებს. ხოლო ჩვენთვის საინტერესოა ის, თუ როგორ პასუხობს ფრანგული სახელმწიფო 14 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინც შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს. ორივე ქვეყანაში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადამიანებს ერთნაირად ესმით, რომ ამ სფეროში ვერ იმუშავებ რწმენის გარეშე. ყველას გვჯერა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისას ჩვენ სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე ვზრუნავთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ნიუპრესი