|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ უნდათ, ოფიციალურ განმარტებას მივცემ, რომ ბიუჯეტის განხილვისას კანონი არ დარღვეულა"

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და საკრებულოს მეორე რიგგარეშე სხდომა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაუგეგმავი და არაორგანიზებული იყო. ქალაქის თვითმმართველობამ  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 91-ე მუხლი დააღვია  პროექტის განხილვა კი, საერთოდ არ მომხდარა.

"ნიუპრესი" ქუთაისის მერიის საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელს ვლასი გარდაფხაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის განხილვისას არცერთი კანონი არ დარღვეულა.

„25 ნოემბრიდან დღემდე, იურიდიული თვალსაზრისით, სუფთად იყო მოწესრიგებული ყველა საკითხი საკრებულოს მხრიდან. ბიუჯეტის განხილვა,  როგორც ხდება,  კანონის შესაბამისად, განხორციელდა ყველაფერი,  კომისიებმაც განიხილეს, პირველი გაწვევაც კანონის შესაბამისად მოხდა. ოპოზიციის პრეტენზიები ჩემთვის გაუგებარია, ამ კუთხით კანონი საერთოდ არ დარღვეულა. თუ უნდათ, ოფიციალურ განმარტებას მივცემ, მუხლობრივად, რომ არავითარი კანონი ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით არ დარღვეულა“,-  განაცხადა გარდაფხაძემ. (სტილი დაცულია)

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს მეორე რიგგარეშე სხდომაზე 19 ხმით დამტკიცდა.

ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღვოდა გაურკვევლობა. მერიამ დასამტკიცებლად ის პროექტი წარმოადგინა, რომელიც უკან ქონდა გაწვეული, შესაბამისად, პროექტის განხილვა არ მიმდინარეობდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ბიუჯეტი უკან არ გამოუთხოვია და ორდღიანი განხილვის შემდეგ პროექტი დასამტკიცებლად გამოიტანა.  აღნიშნულს ოპოზიციის უკმაყოფილება და "ნაციონალური მოძრაობის" დემარში მოყვა. 
 

ავტორი: ხატია ბანძელაძე