"ვერ გავიგე, მერიამ ბიუჯეტის ახალი პროექტი წარმოადგინა, თუ ძველში შეიტანა ცვლილებები?"
ქუთაისის საკრებულოს საბიუჯეტო და ეკონომიკური კომისიების სხდომაზე ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც მერიამ დეპუტატებს სხდომაზევე წარუდგინა. აღნიშნულს გაურკვევლობა მოყვა უმრავლესობაშიც. როგორც კომისიის სხდომაზე მაია სიმონიძემ აღნიშნა, ვერ გაიგო, ახალ ბიუჯეტს განიხილავენ, თუ ძველ პროექტში შეტანილ ცვლილებებს.
"ვერ გავიგე, მერიამ ბიუჯეტის ახალი პროექტი წარმოადგინა, თუ ძველ პროექტში შეიტანა ცვლილებები?"-აღნიშნა სიმონიძემ.
დეპუტატის ამ შენიშვნას სხვებიც დაეთანხმდენ და აღნიშნეს, რომ ბიუჯეტის პროექტი მათთვის ნამდვილად არ მიუწოდებიათ.
გიგა შუშანია ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების განსახილველად სხდომის ნახევარი საათით გადადებას ითხოვდა, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. ამის შემდეგ მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი მხარს არ დაუჭერენ ბიუჯეტს, რადგან სხვა ხარვეზებთან ერთან მერიამ მათი არცერთი ინიციატივა ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.
მერის მოადგილე დეპუტატებს ცვლილებებს ამ წუთებში აცნობს. იუზა უგლავას თქმით, ბიუჯეტი 54 000 000 ლარია.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილი იყო, მერიამ საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი გასული წლის მიწურულში გამოითხოვა და ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა, სადაც ახალი გუნდის საარჩევნო დაპირებები უნდა შესულიყო, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროექტი საკრებულოდან არ გამოუთხოვიათ და მასზე მუშაობა მიმდინარეობდა. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე ხვალ იგეგმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი