თვიმმართველობები ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საქმეში ჩაერთვებიან
სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თვითმმართველობის წარმომადგენებს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ადიგენის, ახალციხისა დაშუახევის მუნიციპალიტეტების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით განისაზღვრა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეფერირების წესები. კერძოდ, უფლებამოსილებათა ნაწილი გადაეცა თვითმმართველობებს. შესაბამისად, საპილოტე პროგრამა ამოქმედდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ახალციხესა და შუახევში.
სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისაგან მოისმინეს თუ რა დადებითი მხარეები ჰქონდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას და რა გამოწვევები არსებობს.
„მათი მოსაზრებების გათვალისწინებით განვახორციელებთ სოციალური მუშაობის კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც დეცენტრალიზაციას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ადგილობრივითვი თვიმმართველობები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ზაზა გაბუნიას შეფასებით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ეხება.
„მთავრობის დადგენილება არის ძალიან კარგი თეორიული წინაპირობა იმისთვის, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩართულობით უზრუნველვყოთ პრევენცია. ამისთვის უნდა განხორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა თუ სპეციალური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მომზადება. თუმცა მთავარი ამოცანაა, შესაბამისმა სპეციალისტებმა გარკვეული რისკის მქონე ოჯახებში იმუშაონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე დავიდეს ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი საფრთხე. ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ყველანაირად - მორალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მან მზადყოფნა გამოთქვა ეტაპობრივი მუშაობის გასაგრძელებლად როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად იმ საჭიროებებისათვის, რომელიც მისივე თქმით, შეიძლება დროდადრო გამოიკვეთოს.
ავტორი: ნიუპრესი