|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში "სკეიტ პარკის" მშენებლობას უცხოელი ბიზნესმენი დააფინანსებს"

ქუთაისელი ახალგაზრდები სკეიტ პარკის მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ქუთაისის მერია არაერთხელ დაპირდა მათ,  პარკის მოწყობას და ამისთვის  2016 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარიც კი  განისაზღვრა, მაგრამ სამუშაოები არც დაწყებულა.

მერიაში რამდენიმე ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ადგილის შერჩევა  მიმდინარეობდა. წელს განაცხადეს, რომ  სკეიტ პარკის ასაშენებლად, 50 000 ლარი საკმარისი არ იყო, ამიტომ არ დაიწყო მშენებლობა, ასევე განმარტეს, რომ მათ სურთ, სკეიტ პარკი სპორტული კომპლექსის ფარგლებში მოეწყოს.

 საბინაო სამსახურის უფროსმა ვიქტორ ნაკაშიძემ განაცხადა, რომ პარკის მოსაწყობი სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა წელს ბიუჯეტში თანხა გათვლილი არ არის.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს  უარი „ორმაისობის“ ღონისძიებაში მონაწილეობაზეც უთხრეს. მიზეზად  შემცირებული ბიუჯეტი სახელდება. აღნიშნულის შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია გამართეს.

 

 

 

ქუთაისის მერიის უარის მიუხედავად, საინიციატივო ჯგუფის წევრები "სკეიტ პარკის" მოწყობას მაინც გეგმავენ. როგორც ჯგუფის წევრმა, ნინი ხელაძემ განაცხადა, მათ დამფინანსებელი გამოუჩნდათ, რომელიც პარკს ააშენებს, თუმცა პრობლემა ახლა ადგილი რჩება. ჯგუფის წევრებმა მერიას მხოლოდ ტერიტორიის გამოყოფა სთხოვეს, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი ტერიტორიის მოძებნა ვერ მოხერხდა.

„სამწუხაროა, რომ არა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადაწყვიტა ჩვენი პარკის მშენებლობა დააფინანსოს. თბილისის, რუსთავის, ბათუმის ახალგაზრდები ითხოვდნენ პარკის მშენებლობას, თვითმმართველობამ შეადგინა პარკის სტრუქტურა, ნახაზები, ზომები და ხარჯთაღრიცხვა, რასაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება.  ბოლოს აუშენეს ახალგაზრდებს პარკი, სადაც ძალიან კარგ ღონისძიებებს ატარებენ. შედეგად შეიძინეს სპონსორები, უფრი მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ სპორტით. ქალაქი ცოცხლობს ამით, ამასთან, ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას  მომავალ თაობებს უზიარებენ. ჩვენ კი ჩვენით შევადგინეთ და გადავეცით მერიას სტრუქტურა. 5 წელია სკეიტ პარკის მშენებლობას ვთხოვთ. არასწორია,  შვილის ტოლა ბავშვებს წლების განმავლობაში ატყუებდე. ქუთაისის მერიას მხოლოდ ტერიტორიას ვთხოვთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყველგან შადრევნების გაკეთება გადაწყვიტეს. ნუთუ მეტი ფანტაზიის უნარი არ აქვთ?!“,- ამბობს ნინი ხელაძე.

 როგორც გაირკვა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საინიციატივო ჯგუფს ტერიტორია „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში“ შესთავაზა. ნინი ხელაძის განცხადებით, პარკის დირექტორმა, იდეის განხორციელებაზე უარი განაცხადა. 

„მოსწავლე-ახალგაზრობის პარკის“ დირექტორი, გიზო თავაძე აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ახალგაზრდებს საბინაო სამსახურიდან ნებართვის მიტანა სთხოვა და ის მზად არის ადგილის გამოსაყოფად. 

იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის მერია საინიციატივო ჯგუფს ალტერნატიულ ადგილს არ გამოუყოფს "სკეიტ პარკისთვის",  ახალგაზრდები ადგილის მოძებნას ქუთაისის გარეთ შეეცდებიან.

 

ამ თემაზე:

 ქუთაისში სკეიტ პარკი მოეწყობა

ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად  ადგილი შერჩეულია

ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით  აქცია გაიმართება

სკეიტ პარკის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

 მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო" 

 

 

 

  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი