|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უდანაშაულო ვარ!"- მარტო დარჩენილი ქალის ბრძოლა გადარჩენისთვის

"მე არ მომიკლას, როდის გამათავისუფლებთ?"- სასამართლოზე, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის განცხადება, მოულოდნელი აღმოჩნდა დარბაზში მყოფი მხარეებისთვის.

29 წლის ნ.ხ-მ პირველად, სწორედ მოსამართლის წინაშე გააჟღერა, რომ წარდგენილ ბრალში უდანაშაულო იყო და მის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება სატელეფონო ზარი და მეუღლის ცხედრის გვერდით ყოფნა იყო.

მკვლელობის მუხლით ბრალდებული ქალის მოულოდნელი გაბედულება საქმეს თავდაყირა აყენებდა და საქმის წარმოების დროს, რიგი საკითხების უგულებელყოფას უსვამდა ხაზს.

ყველაფერი 2 აპრილს, სამტრედიაში დაიწყო. 112-ში შევიდა შეტყობინება, ქალი ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ქმარი მოკლა. აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ქალის შეტყობინება საკმარისი აღმოჩნდა პირის წინასწარი მოთავსების იზოლატირში გადასაყვანად. გამოძიებამ უგულებელყო არასრულწლოვანი შვილის საწინააღმდეგო ჩვენება.  ბავშვი ამტკიცებდა, რომ დედას მამა არ მოუკლავს. ამასთან, დაკავებულს არ ჩაუტარდა ფსიქიკური ექსპერტიზა და გამოიკითხა ადვოკატის გარეშე.

სამტრედიაში ქირით მცხოვრები ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებდა. ეს გარემოება კიდევ უფრო ასაზრდოებდა უნდობლობას ბრალდებულის მიმართ. ოჯახის მეზობლებიც ოჯახის ხელმოკლედ ცხოვრობას უსვამდნენ ხაზს და სახლიდან ხშირად გამოსულ ხმაურს, სწორედ მატერიალურ მდგომარეობას უკავშირებდნენ. სავარაუდოდ, შემთხვევითი არის იყო, რომ მკვლელობის დღეს, სახლიდან გამოსული ხმაური მორიგ კონფლიქტად ჩათვალეს და ქალი დახმარების გარეშე დატოვეს.

ახალგაზრდა ქალი მარტო აღმოჩნდა გისოსებს მიღმაც: ოჯახი, საზოგადოება და სავარაუდოდ, ბრალდების მხარეც ვერ იყო თანამგრძნობი "დამნაშავე ქალის" მიმართ. "მე არ მომიკლავს. გაშველებას ვცდილობდი. ჩემი ძმები ეჩხუბებიდნენ. ჩემმა ქმარმა პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა, დაედევნენ და მოკლეს. მაიძულეს, მე დამერეკა პოლიციაში და მეთქვა, რომ ქმარი მოვკალი. არაფერი დამიშავებია, როდის გამიშვებთ, შვილები მელოდებიან"-აცხადებდა ნ.ხ. სასმართლოზე.

საქმე პირველივე სხდომაზე ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდებოდა, რომ არა დაკავებულის ქალი უფლებადამცველი. ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ გარემოებების გაცნობისთანავე ამოიცნო ძალადობის ნიშნები და მიუხედავად ბრალდებულის პირველად აღოარებისა, დაიჯერა, რომ საქმე ქალის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა და დაკავებული, შესაძლოა, გენდერული დეზინფორმაციის მსხვერპლი ყოფილიყო.

ადვოკატის დახმარებით შეძლო ნ.ხ-მ გაებედა და სასამართლოზე, არა მხოლოდ ბრალდების მხარეს, საკუთარ ოჯახსაც დაპირისპირებოდა.

საქმის გადაკვალიფიცირებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულს მძიმე ემოციური მდგომარეობაში საკუთარი ძმების დასაცავად, ოჯახის ზეწოლით და შიშით აღიარებდა. მენტალური პრობლემების მქონე პირს ოჯახის წევრები არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვას, არამედ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, არ ითვალისწინებდენ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლების გარეშე თავშესაფარში დარჩენას.

„ამ ამბის შესახებ შემთხვევით გავიგე. მოსმენის დროს მივხვდი, შეიძლებოდა მარტო დარჩენილი უდანაშაულო ადამიანი მოხვედრილიყო საპატიმროში. როდესაც საქმეს გავეცანი და დაკავებულს შევხვდი, მივხვდი, არაერთი დარღვევა იყო. ემოციურ ნიადაგზე მოცემული ჩვენება საკმარისი იყო, სხვა გარემოებებისთვის არ მიექციათ ყურადღება. დანაშაულის აღიარება აიძულეს. მოგვიანებით გაიაზრა და გადაწყვიტა ბრძოლა საკუთარი შვილების გამო. ბევრი გარემოებების მიუხედავად, შეძლო უდანაშაულობის დამტკიცება",- განაცხადა მაგდა.კოტრიკაძემ.

საქმის მსვლელობის დროს აღსანიშნავი იყო კიდევ ერთი გარემოება. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებულს საპატიმრო სასამართლო სხდომაზევე დაეტოვებინა, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქალი პატიმრობაში დატოვა. ერთ-ერთ არგუმენტად, ისევ დაკავებული ქალის შესაძლო სისუსტე დასახელდა. მხარეებმა ჩათვალეს, რომ ქალი ახლობლების ზეწოლას ვერც ამჯერად გაუძლებდა და ჩვენებას შეცვლიდა.

ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც თავის მხრივ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მეორეს მხრივ, ოჯახი უპირისპირდებოდა, შეძლო საკუთარი ინტერესების და შვილების დაცვა. სასამართლო საკუთარ უდანაშაულობაში დაარწმუნა და საპატიმრო მალე დატოვა. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდ "სოხუმის" მხარდაჭერით თავშესაფარში შესაბამისი დახმარება მიიღო, დაიბრუნა შვილები, მოახერხა ფსიქლოგიური რეაბილიტაცია, დაბრუნდა სახლში და შეძლო საზოგადოებაში ინტეგრირება.

ჟურნალისტურ პრაქტიკაში ხშირად გვიწევს მსგავსი საკითხების და დეზინფორმაციის შემცველი ფაქტების გაშუქება. სტატისტიკურად, არც თუ იშვიათია, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის ფაქტები. დამნაშავეა თუ მსხვერპლი, პასუხისმგებლობა ყოველთვის ქალზე მოდის. საზოგადოება გამოძიების დასრულებამდე, საკუთარი დაუწერელი წესებით ცდილობს, დამნაშავის იარლიყის მიკვრას და პასუხისმგებლობის დაკისრებას. ქალების მიმართ ისმის მხოლოდ ვალდებულების შეხსენება და თითქმის არასდროს უფლებები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი