ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.
მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მერაბიშვილმა სასჯელის ის ვადა მოიხადა, რომლის შემდეგაც მას შესაძლოა ე.წ. უდოს კომისია შეეხოს. მისი თქმით, კომისია უკვე ვალდებულია, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილოს.
ადვოკატის თქმით, თუკი პირველ ჯერზე ვანო მერაბიშვილს ე.წ. უდოს კომისია გათავისუფლებაზე უარს ეტყვის, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გადასინჯვა ავტომატურად 6 თვეში მოხდება და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვალდებული იქნება მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ხელახლა განიხილოს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე ბრალდების საქმეზე აქვს შეფარდებული. ყველაზე მაღალ სასჯელს მერაბიშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე იხდის. მას აღნიშნულ საქმეზე 6 წელი და 9 თვე აქვს შეფარდებული, საიდანაც დაახლოებით 4 წელი უკვე მოიხადა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი არ აქვს. შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს.
ავტორი: ნიუპრესი