|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვაღიარებ, მე არ ვიყავი ოპოზიციის მომხრე და ძალად გამხადეს ოპოზიცია"

მაგული გიორგაძე, რომელიც წლების განმავლობაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო, წელს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ გახდა, როგორც თავად აცხადებს, ამის მიზეზი "ქართული ოცნების"გადაწყვეტილება გახდა. 

 "40 წელი თითქმის სულ კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, შარშანაც ყველაფერი გავაკეთე, რომ ჭიღვარია და ლატარია გამეყვანა", - აცხადებს მაგული გიორგაძე. კითხვაზე, რას გულისხმობს ამ განცხადებაში, განმარტავს, რომ შარშან საფიჩხიაზე ყველაზე მაღალი აქტივობა მის უბანში იყო, რაც მისი ძალისხმევის შედეგია, ეს კი ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიასა  და საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას მხარდაჭერის მიზნით გააკეთა.

"რესტორნიდან გამოვიყვანე ჩემი უბნის 18 მცხოვრები, რომ დასწრება 300 კაცს აღმატებულიყო, შედეგად ჩემს უბანზე  გამოცხადება იყო 304 კაცი - საფიჩხიაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჩემს ამომრჩევლებს ყველას ვიცნობ, დაბადების დღე იყო და უბანი რესტორანში აღნიშნავდა,  შევეხვეწე, რომ მოსულიყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რომ აქტივობა დაფიქსირებულიყო. რამდენი გაბათილებული ბიულეტენები კანონიერად ჩავთვალეთ, ეს ერთპიროვნულად კი არ კი  გადამიწყვეტილა, კომისიამ გადაწყვიტა, მაგრამ ჩემი ძალისხმევის შედეგი იყო", - აღნიშნავს გიორგაძე. 

მისი განცხადებით, იმის გამო, რომ  "მადლიერების სახლში" ბენეფიციარების უფლება დაიცვა და დირექტორს თამთა ბაკურაძეს დაუპირისპირდა, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შტაბის წევრია, წელს მისი კანდიდატურა დაიწუნეს.

"მე ყოველთვის ვიყავის საარჩევნო კომისიის ნეიტრალური წევრი,  წელსაც შევიტანე  განცხადება, მაგრამ ბოდიშის მოხდით მითხრეს, რომ  თქვენი კანდიდატურა "ოცნებამ" დაბლოკაო. კომისიის 9 წევრიდან 3-მა მომცა ხმა, 6-მა არ მომცა, გაფრთხილებული იყვნენ, რომ ჩემთვის ხმა არ მოეცათ. ეს ჩემთვის შეურაცხყოფა იყო. დიდი ბოდიშის მოხდით შემომთავაზა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, რომ მათი წარმომადგენელი გავმხდარიყავი საუბნო კომისიაში. არც დავფიქრებულვარ, ისე მივეცი თანხმობა. ვაღიარებ, მე არ ვიყავი ოპოზიციის მომხრე და ძალად გამხადეს ოპოზიცია"-განაცხადა მაგული გიორგაძემ.

 შეგახსენებთ, მაგული გიორგაძე მერიის ააიპი "მადლიერების სახლის" დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება რეორგანიზაციით აიხსნა. როგორც გიორგაძე აცხადებს, ის ბენეფიციარების ინტერესების დაცვას შეეწირა. მადლიერების სახლის დირექტორს ის არაერთ ბრალდებას უყენებს, რის გამოც საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ამასთან სასამართლო დავაც მიმდინარეობს.

ავტორი: ირინა მაკარიძე