ჭიათურაში ხანგრძლივი საპროტესტო აქცია დაკავებულთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ შეწყდა
ჭიათურაში 26 მაისს დაკავებული პირი, რომლის გათავისუფლება ხანგრძლივი საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა იყო, პატიმრობაში რჩება.
იმერეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის თანამდებობიდან გადაყენებასთან ერთად დაკავებული თემურ გოშაძის გათავისუფლება იყო.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა ილია ჯანელიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რის შემდეგაც განსასჯელს ქუთაისის სასამართლომ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ აქციის მონაწილეებმაც საპროტესტო მოძრაობა შეწყვიტეს. ამ ეტაპზე მათ სხვა მოთხოვნები არ აქვთ.
შეგახსენებთ, 26 მაისს, ჭიათურაში 9 პირი დააკავეს, 8 მათგანს ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა, ხოლო ერთს ბრალი სს დანაშაულში წარედგინა.
როგორც შსს-ში აცხადებდნენ, თემურ გოშაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულისათვის (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
შიმშილობის აქცია ჭიათურაში ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქციის მონაწილეებს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. თავის მხრივ, ციხეში შიმშილობდა დაკავებული თემურ გოშაძე.
საქმე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეც აღიძრა, მასზე ძიება იმერეთის სამხარეო პროკურატურაში მიმდინარეობს.
პროცესებში ჭიათურის მერის პოზიტიურ როლზე საუბრობენ აქციის მონაწილეების ახლობლები. ადგილობრივების თქმით, პაატა ნადირაძე მათ ხვდებოდა, ყველა საკითხით ინტერესდებოდა და პროცესების მშვიდობიანად დასრულებაში გარკვეული როლი შეასრულა.
ჭიათურაში მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებს
ავტორი: ირინა მაკარიძე