|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზეწოლის რამდენიმე ფაქტი იმერეთში

 თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში. გახმაურებულ ფაქტებში კანდიდატებზე ზეწოლა ძირითადად, ოჯახის წევრებისა და ნათესავებისათვის პრობლემების შექმნის მუქარით გამოიხატება.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი წყალტუბოში სევერიან გორდულაძე მისი ძმის, კახა გორდულაძის მისამართით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. კახა გორდულაძეს, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, დაფარული ნომრით  დაურეკეს და  არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.

„კახა გორდულაძეს, რომელიც არის წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტატობის კანდიდატი, უცნობი პირი დაფარული ნომრით დაუკავშირდა და მას ქვეყნის დატოვება მოთხოვა. უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდა მას და მის მეუღლესაც.  დაუსახელეს სკოლა, სადაც მისი მეუღლე მუშაობს“, -განაცხადა სევერიან გორდულაძემ.  ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის განცხადებით, მუქარის ფაქტის შესახებ მან აცნობა როგორც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პოლიციას. მისი თქმით, ეს პრევენციის მიზნით გააკეთა, რომ შემდგომში მსგავსი ზეწოლა მათ სხვა წარმომადგენელზე არ განხორციელდეს.

ანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს საარჩევნო ბლოკის "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია

მისი თქმით, ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისსა და ზესტაფონში.  გოგი წულაია კონკრეტული კანდიდატის ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, მასზე ზეწოლა ნათესავების მიმართ  მუქარით მიმდინარეობს. წულაია ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

 

სამაგიეროდ, ზეწოლის ფაქტებზე ღიად საუბრობს ამავე საარჩევნო ბლოკის  ზესტაფონის მერობის კანდიდატი გივი თუთბერიძე. მისი თქმით,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 9  კანდიდატმა, რომელთაგანაც 2 საკრებულოს წევრია, უარი თქვა კენჭისყრაზე, "ზოგს ცოლის სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, ზოგ დისშვილის და ძმისშვილის", -აცხადებს თუთბერიძე.

"14 სექტემბერს ვიდრე კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია მოხდებოდა 7 კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, 17-ში კიდევ ერთმა კანდიდატმა განაცხადა უარი.  ახლა  უკვე რეგისტირებულმა კანდიდატმა მითხრა, ვერ იყრის კენჭს, ზეწოლა არისო - მისი მეუღლე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მუშაობს და პირდაპირ მიუთითეს ამაზე. ამას გარდა, ჩვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი პოლიტიკურ ავანტიურაში გააბეს. ის ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო, მანაც დეპუტატის კანდიდატობაზე უარი თქვა", - განაცხადა გივი თუთბერიძემ.

რაც შეეხება "პოლიტიკურ ავანტიურას" - თუთბერიძის თქმით, საკრებულოს წევრს ზაალ ფერაძეს ჯერ  "ქართული ოცნებიდან" კენჭისყრა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი "პატრიოტთა ალიანსში" შესვლა და იქედან მათ სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს. „ ჯერ ოცნებაში შესვლა შესთავაზეს, შემდეგ კი უთხრეს  "პატრიოტთა ალიანსში" შედი და იქედან დაგვეხმარეო. ამჯერად დაყვა მათ მოთხოვნას და მართლაც შევიდა "პატრიოტთა ალიანსში", თუმცა ცოტა ხნის შემდეგ იქედან წამოვიდა და ჩვენთან  დაუბრუნდა, მაგრამ ამ დროისათვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გასული იყო და ის დეპუტატის მანდატისათვის ვეღარ იბრძოლებს“-განაცხადა თუთბერიძემ.

ზესტაფონში 21 სამაჟორიტარო ოლქია - 3 ქალაქის და 18 რაიონის. პარტია ყველა საარჩევნო ოლქში კანდიდატურის დასახელებას გეგმავდა, თუმცა  კანდიდატურების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. 

"ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის ცილისწამებაზე პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან აბსოლუტურად დაუდასტურებელი ბრალდებები გაჟღერდა.

"სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩეველს საკუთარ ხედვებს აცნობდნენ, დაკავებულები არიან სიცრუის ტირაჟირებით. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და მივყვებით იმ დღის წესრიგს, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გვაქვს დასახული", -განაცხადეს "ქართული ოცნებაში".

 

წინასაარჩევნო პერიოდში, იმერეთში არსებულ დარღვევებზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნებისა" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

შემთხვევა, რომელზედაც კვლევაშია საუბარი აგრეთვე  ზესტაფონში მოხდა,  სადაც "პატრიოტთა ალიანსის" კვალითის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატის ავეჯი საამქრო გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.

საწარმოს მფლობელმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა გაბრიჭიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ  საამქროს დაწვა მისი "ქართული ოცნებიდან" წამოსვლას უკავშირდება, სადაც ზონის უფროსი იყო.

„ISFED”-ი "ქართული ოცნების" ზესტაფონის აღმასრულებელ მდივანს, გიორგი ჯუღელს გაესაუბრა. ჯუღელის თქმით, მას "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და საამქროში გაჩენილ ხანძართან არაფერი აკავშირებს. ISFED-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე პირია დაკითხული.

 

      

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

  

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა