|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო სამზადისი პარტიების ქუთაისის ორგანიზაციებში

მეოთხე "საოცნებო" წელს მმართველმა გუნდმა დანაპირების შესრულებით გააოცა მოსახლეობა და კოალიცია დაშალა. მომხდარი მოულოდნელობა არ ყოფილა საზოგადოებისათვის, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა მაინც გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ კოალიციამ  საკუთარი მისია  ამოწურა, ნაწილი კი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლაში ხელისუფლების სხვა ჩანაფიქრს ხედავს. ასეა თუ ისე, ყველა პოლიტიკური სუბიექტი  არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება.

არჩევნებამდე 6 თვით ადრე კანდიდატებსა და სიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა გეგმები და მიზანი ცნობილი და ერთმანეთის იდენტურია– გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება.

ნელნელა იკრებს ძალებს საარჩევნო მარათონი პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ოფისებშიც. თუმცა ისინი, ვისაც ოფისი ჯერჯერობით არ აქვთ, ცდილობენ ხალხთან უფრო „ახლოს“ იყვნენ და პარტიულ აქტივობებს  ქუჩაში ახორციელებენ.

ქუთაისში ოფისი დაარსებიდან აქვს მმართველ გუნდს და ახალი თავმჯდომარეც ჰყავს, თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარე ოფისში   მისვლას ხშირად ვერ ახერხებს. გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას  ვიცე–გუბერნატორობასა და პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებს, "ნიუპრესთან" პარტიის გეგმებზე საუბარი ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის მენეჯერმა, თამარ თოდუამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პარტია ახალი წევრების მისაღებად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ველოდებით პარტიის ყრილობას, რომლის შემდეგაც გვეცოდინება სამოქმედო გეგმა, რა და როგორ იქნება. იქამდე კი ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები, მოქალაქეები და გაწევრიანებას ითხოვენ. გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები და აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა თამარ თოდუამ.

ამ ეტაპზე მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბარი უჭირთ კოალიციიდან გასულ პარტიებსაც. თუმცა აცხადებენ, რომ  აქვთ საკმარისი რესურსი, არა თუ ბარიერის გადასალახად, არამედ მეტი  მანდატის მოსაპოვებლადაც.

ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახაბერ დვალიშვილის განცხადებით, რეგიონულ ოფისებს დავალებული აქვთ მოახდინონ ორგანიზაციების რეორგანიზაცია, გადაახალისონ წევრები, რომ სრულყოფილად მოემზადონ არჩევნებისთვის. მისივე თქმით, „ეროვნულ ფორუმს“ აქვს შესაძლებლობა სრულად დააკომპლექტოს საარჩევნო სიები და ყველგან ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. იმედოვნებს, რომ არჩევნებში დამოუკდებლად მონაწილეობის მიუხედავად, ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.

ქუთაისის მაჟორიტარობა მეტად აღარ სურს მოქმედ მაჟორიტარს გუბაზ სანიკიძეს. კახაბერ დვალიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, იქნება თუ არა თავად მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა თუ პარტია დაავალებს, ის ამ დავალებას შეასრულებს.

 ცენტრალური ოფისისგან განსხვავებით, სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირს "რესპუბლიკური პარტიის“  ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ფიქრია ხაჭაპურიძეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ "რესპუბლიკელების" მაჟორიტარობის ერთ–ერთი კანდიდატი საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე იქნება.

„კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით კი, პარტია რჩება უმრავლესობაში და შესაბამისად,  აგრძელებს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებებს შესრულებას. 

არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგებას აანონსებენ "ნაციონალები". ორგანიზაციის თავმჯდომარის და მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატის, პარლამენტარი გია თევდორაძის განცხადებით, უკვე აქტიურად დაიწყეს საარჩევნო სამზადისი. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობის დასახელებას, "ნაციონალური მოძრაობა" ამას  მაისში გაასაჯაროებს. 

„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვიგებთ არჩევნებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამის რესურსი. მაქსიმალურად მოხდება შემოწმება, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ალბათ, მაისის დასაწყისში გვეცოდინება დაზუსტებით. ჩვენი წარმომადგებლენი იქნებიან ცნობადი სახეები, როგორც ქუთაისში, ასევე ცენტრალური ოფისის დონეზე.  განიხილება ჩემი კანდიდატურაც, თუმცა საბოლოო სიტყვას ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ქუთაისის ორგანიზაცია იტყვის“, – განაცხადა გია თევდორაძემ.

 არჩევნებში აქტიურად ერთვება საპარლამენტო და არასაპარლამენტო  ოპოზიცია. პარტიები საარჩევნოდ გაერთიანებასაც  არ გამორიცხავენ.

„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგიტა გოგელაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.

„საარჩევნო გარემო  არ არის სამართლიანი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა კოალიცია უკვე დაიშალა და მოლაპარაკებას საფრთხე ექმნება. მართალია, საკონსტიტუციო ცვლილება გაუჭირდებათ, მაგრამ შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილება, რაც გულისხმობს  პროპროციული მაჟორიტარული სისტემის დანერგვას. რაც შეეხება „ქრისტიან - დემოკრატიულ მოძრაობას“, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებების რეჟიმში ვარ და არ ვიცით, კოალიციით გამოვალთ, თუ დამოუკიდებლად, ამის შესახებ საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი. თუ პარტია საჭიროდ ჩათვლის და მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას დაასახელებს, მე მივიღებ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებ გამარჯვებისათვის“, – განაცხადა გოგიტა გოგელაშვილმა.

 

მმართველი გუნდი რომ ვერ გაიმარჯვებს, დარწმუნებულია „ლეიბორისტული“ პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სამსონ გუგავა და მეორე ტურს აანონსებს. ასევე აცხადებს, რომ მათი პარტია არის უკონკურენტო და შეუბღალავი რეპუტაციის, რაც კარგად დაინახა საზოგადოებამ, როდესაც გარიგებაზე არ წავიდა რომელიმე პარტიასთან და არ გაიყიდა. პარტია ახალი კანდიდატების მიღებას აპირებს, თუმცა კადრების შერჩევის დროს მკაცრად გაკონტროლდება მათი წარსული და ის თუ რამდენად ღირსეული ადამიანები იქნებიან.  გუგავა აცხადებს, რომ როგორც ქუთაისის ორგანიზაციის პირველი ნომერი, არ არის გამორიცხული თავად იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი. 

მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს კანონი თავის თავზე მოირგოს და სიაში შეიყვანის პრემიერი, თუმცა ვარაუდობს, რომ ხალხის განწყობის გამო „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. საარჩევნო სიებზე საუბარი უჭირს, თუმცა იცის, რომ ქუთაისის მაჟორიტარობის ერთ–ერთი კანდიდატი თავად იქნება.

 

არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას „თავისუფალი დემოკრატები“. ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ხაზარაძის განცხადებით, ეყოლებათ მაჟორიტარი კანდიდატები,  მათ შორის იქნება თვითონაც.

არჩევნებში პირველად მოსინჯავს ძალებს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელიც უკვე გამოირჩევა პოლიტიკური აქტივობებით. ცენტრის ადგილობრივი თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი არა პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა, არამედ ხალხში პოლიტიკოსებისადმი ნდობის დაბრუნებაა.

„საარჩევნო გარემოს ქვაკუთხედს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსი.  ჩვენი საარჩევნო კოდექსი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ხელისუფლება ეცდება ადმინისტრაციული ხარჯების გამოყენებას. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს,  არჩევნების მოახლოებასთან ერთად   სიტუაცია დაიძაბება. ჩვენ მაქსიმალურად მოვახდენთ კონტროლს. 16 აპრილის ყრილობის შემდეგ წარვუდგენთ მაჟორიტარებს საზოგადოებას. სრულფასოვნად ჩავერთვებით არჩევნებში. გვეყოლება მაჟორიტარები ყველა უბანში. ვფიქრობთ, რომ არჩევნებზე კარგს შედეგს მივიღებთ და დიდი ფრაქციით შევალთ პარლამენტში. ჩვენი მიზანი არ არის ხალხი გავხადოთ ჩვენი წევრი და რაოდენობა გავზარდოთ, ჩვენი მიზანია საზოგადოებაში ნდობა დავაბრუნოთ. მათ სჯეროდეთ, რომ მოვა პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად იზრუნებს მათზე“,–განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

 ქუთაისის მანდატებისათვის იბრძოლებს „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, ეყოლებათ მაჟორიტარობის კანდიდატები, რადგან მათ აქვთ რესურსი და შესაძლებლობა სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამბობს, რომ პარტიის შიდა  სტრუქტრული ჩამოყალიბება მიმდინარეობს, ხვდებიან პარტიულ აქტივისტებს, ასევე მოსახლეობას. ინიშნავენ მათ გამოწვევებს და მოლოდინებს, რის შემდეგაც ჩამოაყალიბებენ სამოქმედო გეგმას. ამ ეტაპზე სიებზე დაზუსტებით საუბარი უჭირს. თვლის, რომ როგორც ყველა მთავრობის დროს მმართველ გუნდს უპირატესობა აქვს.

ქუთაისის ორგანიზაციული ოფისი გახსნა და არჩევნებისთვის ემზადება "პატრიოტთა ალიანსი" , რომელთა რიგებში ქუთაისისათვის  ნაცნობი სახეები, ყოფილი საჯარო მოხელეები ჰყავთ. საკრებულოს ყოფილი წევრის კახა ნემსიწვერიძის განცხადებით, მათმა პარტიამ უკვე იწვნია არჩევნების გაყალბება, ამიტომ მაქსიმალურად გააკონტროლებენ. ხვდებიან ამომრჩევლებს და ადგენენ სამოქმედო გეგმას. მაჟორიტარების ვინაობას პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ჩამოსვლის შემდეგ გაასაჯაროებენ. თვლის, რომ არჩევნებზე კარგი შედეგი ექნებათ.

დანარჩენი  პოლიტიკურ პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ პასიურობენ,  საარჩევნო მარათონში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

არჩევნებამდე 6 თვეა არის დარჩევილი. 8 ოქტომბერის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი პარტია შეძლებს გამარჯვებას და  2016 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვედრას.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა