"ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში პაციენტები დერეფანში დადგმულ საწოლებზე წვანან"
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუტირში მდებარე შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომელმა მონიტორინგი განახორციელეს.
სახალხო დამცველის აპარატი ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
"შემოწმების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დადებითად შეაფასა დაწესებულებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც სრულად შეიცვალა 7 ათასი მ2 შენობა-ნაგებობების სახურავი, მოეწყო საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, დამონტაჟდა ბიო-საკანალიზაციო სისტემა, ხოლო 4 განყოფილების პალატები ცენტრალური გათბობით და ცხელი წყლით არის უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ახალი შენობის მშენებლობა, სადაც ადმინისტრაციის განმარტებით, უნდა მოეწყოს პალატები.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დაწესებულებამ დაამტკიცა ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მარეგულირებელი დოკუმენტი და პერსონალმა სპეციალურ ჟურნალში პაციენტების ქიმიური შეზღუდვების შემთხვევების დოკუმენტურად დაფიქსირება დაიწყო.
დაწესებულებაში მოქმედი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც 2014 წლიდან ფორმალურად არსებობდა, 2017 წლის მაისიდან შეხვედრებს ატარებს და პაციენტების კონკრეტული შემთხვევებს განიხილავს.
მიუხედავად ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებების დაცვის საკითხი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება არასაკმარისია, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე. პრობლემად რჩება პერსონალის სიმცირე, მათი კვალიფიკაცია და სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა. ინფრასტრუქტურა მოძველებულია და სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით პაციენტების ყოფა შეიძლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდეს. დაწესებულება გადატვირთულია, რის გამოც ზოგ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტები დერეფანში დადგმულ საწოლებზე წვანან.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაწესებულებას არ გააჩნია ფინანსური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სომატური დაავადებების გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. ისევ პრობლემურია ექიმისა და პაციენტების ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის, პაციენტების ინფორმირებულობის და მკურნალობის პროცესში ჩართულობის საკითხები; ვერ ხერხდება პაციენტების ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სათანადოდ უზრუნველყოფა და შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია".- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის შედეგების შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფი ამზადებს ანგარიშს, რომლის გამოქვეყნების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის.
ავტორი: ნიუპრესი