ხონში ხანძრის შედეგად ერთი სახლი დაიწვა
ძლიერი ქარის შედეგად ხონის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი კიდევ უფრო გაძლიერდა. სოფელ ჩაისუბანში ცეცხლი თავდაპირველად ბუჩქნარს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელშიც არავინ ცხოვრობდა, ასევე რამდენიმე მოსახლეს ფუტკრის ოჯახები გაუნადგურდა.
ხანძრის ჩაქრობას ადგილზე შვიდი სახანძრო ჯგუფი ცდილობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, თუმცა ამ დროისთვის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
მათივე ინფორმაციით, დაკვამლიანება დაახლოებით 50 ჰექტარზე შეინიშნება, თუმცა აქედან ცეცხლი რა ფართობს უკიდია, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი