ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი ევროკავშირის დახმარებას ითხოვს
ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო ევროკავშირისგან ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ზემოქმედების გაძლიერებას ითხოვს, - ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ გამოცემასთან Bild ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვენესუელა დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და ლათინური ამერიკის ქვეყანაში სულ უფრო მეტ ადამიანს კლავენ. მისივე თქმით, ამ პირობების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ნიკოლას მადუროს რეჟიმზე სანქციები უნდა დააწესოს.
როგორც ხუან გუაიდომ Bild-თან ინტერვიუში აღნიშნა, ვენესუელელი ოპოზიციონერები მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. გუაიდოს განმარტებით, ამას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოწმობს.
როგორც უკვე ცნობილია, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიბლოკა ოპოზიციონერის ყველა ანგარიში.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ნავთობის სექტორზე სანქციები დააწესა. შავ სიაში ძირითადად სახელმწიფო კონცერნი PdVSA მოხვდა. სანქციების თანახმად, ვენესუელა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაყიდვას მომავალშიც შეძლებს, თუმცა თანხა იმ ანგარიშზე გადაირიცხება, რომელზე წვდომაც ნიკოლას მადუროს არ აქვს.
თავის მხრივ, ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა. მისივე თქმით, თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება.
„პირველ რიგში, ჩემი ბედი უფლის ხელშია. მე ქრისტიანი ვარ. უფლის მხრიდან დაცვის მწამს. მე ვენესუელელი ხალხი მიცავს და ჩვენ დაზვერვის კარგი სამსახური გვაქვს“, - აღნიშნა მადურომ.
ავტორი: ნიუპრესი