ძალიან საეჭვო ხდება ყველაფერი - თემურ ჩეჩელაშვილი "ტორპედოს" ინვესტირებასთან დაკავშირებით
ძალიან საეჭვო ხდება ყველაფერი, - აცხადებს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, რამდენიმე დღეში თუ არ გადაწყდა გუნდის ბედი, შემდეგ უკვე აზრი აღარ აქვს.
ქალაქის საფეხბურთო კლუბის დირექტორის თქმით, "ტორპედოს" ლიცენზირების გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია მერიისგან მიიღო.
"ქალაქის ხელმძღვანელობამ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, რომ ფედერაციასთან შეთანხმებით ლიცენზირების ვადა გაუხანგრძლივდა გუნდს, თუმცა არ შემიძლია ზუსტად თქმა, რამდენი ხნით მოხდა ლიცენზირების ვადის გაგრძელება"-განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.
კითხვაზე, ლიცენზირების ვადის განანგრძლივება, ნიშნავს თუ არა, რომ ჯერ ინვესტორთან შეთანხმება არ მომხდარა, ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ თუ მოკლე დროში არ მოხდა შეთანხმება, შემდეგ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრიც არ ექნება.
"თუ ინვესტორთან შეთანხმება ამ კვირაში არ შედგა, უკვე თვითონაც მიხვდება, რომ აზრი აღარ აქ ამ თემაზე მოლაპარაკების გაგრძელებას. დრო არ ითმენს, 1 მარტს უკვე თამაში არის დაგეგმილი, (გორის "დილასთან") თებერვალი ისედაც მოკლე თვეა, გუნდი არ არის, გუნდი ხომ უნდა შეიკრიბოს, ვეღარ მოვასწრებთ, ისეთი გუნდის შეკრებას, რომელიც ეკადრება ქუთაისს"-განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე