ზაზა ლომინაძე:,,ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა მოქალაქეების კეთილდღეობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა გათვლილი
,,ჩვენი პროგრამის უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ გათვლილია როგორც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაზე, ასევე ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის და ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაზე,"-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობა, ჯერ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობას აორმაგებს და ამის დასტური არამხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამები, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წარმოებული აქტივობებიც ცალსახად მეტყველებს.
,,გორისა და ბუხაიძის ქუჩაზე მოსახლეობას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად შევხვდი. შეხვედრისას საარჩევნო პროგრამაზე ვისაუბრე. ორივე უბანში ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება - გზები, სკვერები, სპორტული მოედნები, ფასადების მოწესრიგება. ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რჩება მტკივნეულ საკითხად და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა ამ მიმართულებით დღითიდღე იზრდება, რისი დასტურიცაა ის სოციალური პროგრამები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რომ ხორციელდება და რომელთა ეფექტურობა არაერთხელ აღინიშნა ქვეყნის მასშტაბით. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული ის საკითხები, რომელიც ჩემს თანაქალაქელებს აწუხებთ და კიდევ უფრო მეტია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს ნდობას მიცხადებს. ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას უკეთესი ქუთაისისთვის, უკეთესი საქართველოსთვის იღებენ," - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
[R]
ავტორი: ანა ლიპარიშვილი