|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად ჯავახიასთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

ზაურ ბაკურაძეს მოსამართლემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო 8 ოქტომბერს გაიმართა. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი ირმა აბჟანდაძე „ნიუპრესთან“ აცხადებს, გადაწყვეტილება უსამართლოა და სააპელაციოში გასაჩივრდება.

„გადაწყვეტილება არის უსამართლო, არ ვეთანხმებით, ამიტომ გავასაჩივრებთ სააპელაციოში. მოსამართლემ ვერ გაბედა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანა და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა“, -განაცხადა ირმა აბჟანდაძემ. მისი თქმით, ზაურ ბაკურაძე თავს უდანაშაულოდ თვლის, ამიტომ საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის. მას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება კარგი პირობებით, მაგრამ განაცხადა, რომ არ აპირებს ასეთ გარიგებაზე წასვლას და არ აპირებს აღიაროს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. საქმეში ბევრი შეუსაბამობაა, არ ჩანს თანხის მიცემა, ამიტომ გავაგრძელბებთ ამ პროცესს“, - განაცხადა ირმა აბჟანდაძემ.

მისი თქმით, ზაურ ბაკურაძე სხვადასხვა ბიზნესით არის დაკავებული, მათ შორისაა ავტოლომბარდი, საფინანსო ორგანიზაცია და აპირებდა სასტუმროების ქსელის მოწყობას, თუმცა მას საქმიანობაში ხელი შეეშალა.

შეგახსენებთ, ზაურ ბაკურაძე 30 იანვარს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებას იმთავითვე უაყროფდა დაკავებული. ადვოკატის თქმით, ბაკურაძეს სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის მოსამზადებლად მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დაუკავშირდა, ბაკურაძემ მზაობა გამოთქვა პროექტის მომზადებაზე, თუმცა მოგვიანებით მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შესთავაზა დახმარება, ჯავახია ბაკურაძეს სამუშაო საათებში არასამუშაო გარემოში შეხვდა, ბოლო შეხვედრა კი დაკავებით დასრულდა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბაკურაძე  შპს "გელათი-2008"-ის 50%-იანი წილის მფლობელია.

 

ზვიად ჯავახიასთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი დუმილს არღვევს

 

ფოტო: არქივიდან

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი