|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად და რა მიმართულებით ირღვევა ადამიანის უფლებები?- დისკუსია ქუთაისში

ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. 

შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოირგი ფანიაშვილი წარუძღვნენ.

შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანს ადამიანის უფლებათა საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს.

 "ინტერაქტიული დიალოგის მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო განათლების მქონე საზოგადოებისაგან ინფორმაციის მიღება და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში მიღწეული პროგრესისა და წარმოქმნილი სირთულების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს. ხელშესახები პროგრესია გარკვეული მიმართულებით, თუმცა სირთულეები მრავალი მიმართულებით არსებობს",-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ფანიაშვილმა.

შეხვედრაზე  ძირითად პრობლემებად ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა ქორწინება, შრომითი უფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დარღვევა დასახელდა.

შეხვედრას ქუთაისისა და ზუგდიდის თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება  ქალთა მიმართ ძალადობის თემამ გამოიწვია. ზუგდიდის საკრებულოს წევრის  განცხადებით, ძალადობის დაყოფა სქესის მიხედვით მიუღებელია და როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიმართ არსებობს ძალადობის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ნატალია ჯალიაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, ოჯახური ძალადობის პირობებში დაღუპულია 27 ქალი და ერთი მამაკაცი, რაც ადასტურებს, რომ ასეთ შემთვევაში მოწყვლად ჯგუფს ქალები წარმოადგენენ.

შეხვედრის მონაწილის ანა ჩაფიძის თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

"ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არ ვართ განებივრებული ინფორმაციის მოწოდებისა და თანამშრომლობის კუთხით,  არსებული საკითხებისა და პრობლემატიკის შესწავლის მიზნით. რაც შეეხება ოჯახური ძალადობის ფაქტებს, ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს ოჯახური ძალადობის თავშესაფართან და ვუწევთ მათ კონსულტაციებს. ოჯახური ძალადობის ფაქტები რეგიონში ძალიან ხშირია, ხშირ შემთხვევაში, ამ ფაქტების შესახებ ჩვენთან ხდება განდობა, მაგრამ არ მიმართავენ ოფიციალურ სტრუქტურებს, რადგან მათი მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას აწყდებიან"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" წარმომადგენელმა ანა ჩაფიძემ.

"საიას" წარმომადგენლის ნოდარ ჯიქიას თქმით კი, ხშირად ირღვევა ისეთი უფლება, როგორიცაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, ასევე ჯანსაღი სასმელი წყლით სარგებლობის უფლება.

შეხვედრები პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაგრძელდება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე