"არგოს" საკითხის საკრებულოზე განხილვას ითხოვენ
ქუთაისში კაფე "არგოს" მშენებლობის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაცებმა საკრებულოს განცხადებით მიმართეს. ორგანიზაციის წევრები რიგგარეშე სხდომის მოწვევას და "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარემ გია გოქაძემ განაცხადა, რომ მათ სურთ საკითხი საზოგადოებასთან ერთად განიხილონ.
"მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რომ განვიხილოთ საკითხი. საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება მშნებელობის ირგვლივ. ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს მშენებლობის შეჩერება და დემონტაჟი, რადგან ის ეწინააღმდეგება წესებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სიახლოვეს მშენებლობის შესახებ არსებობს"–განაცხადა გია გოქაძემ.
განცხადებას ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ხელმოწერისგან თავი შეიკავა არასამთავრობო ორგანიზაციის 'საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარემ სულხან ქობულაძემ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარესთან კერძო დავა აქვს. გოქაძის განცხადებით, ქობულაძე მათ გუნდში რჩება, თუმცა, ამ შემთხვევაში დვალთან დაპირისპირების გამო პროცესში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ, კაფის მშენებლობას აპროტესტებენ. ქუთაისის მერია კი აცხადებს, რომ მშენებლობა კანონიერია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი