|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფესტივალის ორგანიზატორები დამსწრეთა სიმცირეს უამინდობას აბრალებენ

31 ოქტომბერს ქუთაისში გამართული ახალგაზრდული ფესტივალი "დროში მოგზაურობა" ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და კომპანია „ნატალი-N“ ორგანიზებით გაიმართა.

ფოლკლორულმა ფესტივალმა რომ საზოგადოების დაინტერესება ვერ გამოიწვია,  ამას ღონისძიების ორგანიზატორი „ნატალი- N“-ს ხელმძღვანელი  ნაილი კიბაბიძე  „ცუდ პიარსა“ და უამინდობას აბრალებს.  მისი განმარტებით,  საზოგადოება  ფესტივალის შესახებ საკმარისად ინფორმირებული არ იყო, ამას უამინდობაც დაერთო, რაც დამსწრეთა სიმცირის მიზეზი გახდა. ნაილი კიბაბიძე ფესტივალის დაგეგმილზე ორი საათით ადრე დასრულებას  კი იმით ხსნის, რომ  მასში მონაწილეობის მისაღებად  ჩამოსვლა რაიონებიდან მოწვეულმა ჯგუფებმა  ვერ შეძლეს.

 „ეს ქალაქისთვის კეთდება, ხალხს ცოტა გონება აქვს დაბნელებული, ამ სილამაზის დანახვით კი ცოტა გაუნათდებათ.  ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების გამოცოცხლება, მათი ინტერესის გაღვივება ძველი კულტურისა და ტრადიციების მიმართ,“- განაცხადა  კიბაბიძემ „ნიუპრესთან“ საუბრისას.

„ნატალი-N“-ის იდეა ქუთაისის მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების ხელშეწყობით ისე განხორციელდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს  რაიმე კვლევა, ქალაქის ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებისათვის, არ ჩაუტარებიათ.  მათ საკმარისად მიმზიდელად მიიჩნიეს ორგანიზატორის იდეა და მრავალრიცხოვანი დამსწრე საზოგადოების მოლოდინში ქალაქის ცენტრალური მოედნის გადაკეტვაც საჭიროდ ჩათვალეს.

„ცუდი ამინდის ვერსიას“ ემხრობა მერიის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ნიკოლეიშვილიც.  „ფესტივალის შესახებ ინფორმაცია  ტელევიზიების საშუალებით გავავრცელეთ. ვისაც სურვილი ჰქონდა,  მოვიდა.  დასწრება ნორმალური იყო,  იმის გათვალისწინებით, რომ ცუდი ამინდი იყო დაანონსებული. სამომავლოდ, თუკი ჩვენ ვიქნებით მსგავსი ღონისძიების მხარდამჭერები, უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტი ადამიანი დაესწრება მას“,- განაცხადა  თამუნა ნიკოლეიშვილმა „ნიუპრესთან“ საუბრისას. 

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის ძირითადი დაფინანსება თავად ორგანიზაციის ბიუჯეტიდან მოხდა.  3 000-ლარამდე  თანხა კი ქუთაისის მერიამაც გამოყო, რაც  რეჟისურისა და თეატრის იჯარისთვის დაიხარჯა.

მიუხედავად ამინდის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა,  ორგანიზატორები ფესტივალის გამართვას  მომავალ წელსაც იმავე დროს,  ოქტომბრის ბოლო შაბათს გეგმავენ.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე, მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა