|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იურისტობიდან მომღერლობამდე- ქუთაისელი ტენორი დიდი სცენების დასაპყრობად ემზადება

გარდა იმისა, რომ კარგად უნდა მღეროდე, კარგად გამოიყურებოდე, თავი გეჭიროს დამაჯერებლად სცენაზე, ამის გარდა მნიშვნელოვანია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე- ამბობს ბადრი ადამია - ქუთაისის ოპერის სოლისტი, ტენორი.

ასეთ "საჭირო ადგილზე" აღმოჩნდა ის 13 აპრილს, როდესაც  ქუთაისის ოპერის სცენაზე ვერდის ოპერაში "რიგოლეტო" წარმატებულ ქართველ საოპერო მომღერლებთან  გოჩა აბულაძესთან და მარიკა მაჩიტიძესთან ერთად  მთავარი როლი შეასრულა. ის ჰერცოგის როლში წარუდგა მაყურებელს და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა.

ბადრი ადამია ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე რამდენიმე მთავარი როლი აქვს შესრულებული, მომღერალი ასევე ემზადება თბილისის ოპერის სცენაზე გამოსასვლელად, სადაც ოპერაში "ქეთო და კოტე" მთავარ პარტიას - კოტეს როლს შესასრულებს.

 ისეთი სერიოზული პროფესიის დაუფლების მიუხედავად, როგორიც იურისტობაა,  22 წლის ასაკში სცენაზე სიმღერის სურვილი გაუჩნდა. როგორც თვითონ ამბობს,  ბავშვობიდან  სულ მღეროდა, თუმცა მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრით მიიღო. გარდა ამისა თამაშობდა ფეხბურთს და სერიოზულად იყო ამ სპორტით გატაცებული, პარალელურად, ხელბურთით იყო დაკავებული,  ისე, რომ ხელბურთში იმერეთის ნაკრებშიც ირიცხებოდა. სამართალმცოდნეობა  წერეთლის უნივერსიტეტში შეისწავლა, მოგვიანებით პოლიციის აკადემიაშიც სწავლობდა და სხვადასხვა სკოლაში მანდატურადაც იმუშავა..

"სულ ვმღეროდი, თუმცა არა პროფესიულ დონეზე, ჩემთვის, მეგობრებში, გასახდელში, მაგრამ საოპერო სცენაზე რომ მემღერა, ეს აზრადაც არ მომსვლია. როდესაც დავაპირე სიმღერას დავუფლებოდი, მინდოდა, ესტრადაზე მემღერა, ჩემმა მეგობრებმა გიორგი მეფისაშვილმა და მიმი ჯავახიშვილმა მირჩიეს თავიანთი პედაგოგი გიორგი ლომთაძე",- იხსენებს ის. 

როდესაც მასთან მივიდა,  ბატონმა გიორგიმ უთხრა, რომ ძალიან დატვირთულია და ახალი მოსწავლის აყვანის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა, მისი მოსმენის შემდეგ აზრი შეიცვალა და ბადრი ადამია მის ჯგუფში მიიღო.

 "მითხრა, რომ 14 აპრილს, მეცხრე ჯგუფში მოდი", - იხსენებს ბადრი ადამია.

 "მაესტროსთან შეხვედრა იყო გამართლება და მე მადლობელი ვარ ბედის, რომ შემხვდა ასეთი პედაგოგი, როგორიც ბატონი გიორგია. მე შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანს და მომღერალს და რაც მთავარია, არაჩვეულებრივ  პედაგოგს, რომელმაც  გაზარდა ძალიან დიდი მომღერლები". 

 

 

როგორც თავად ამბობს, ასე დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა, თუმცა ეს ესტრადაზე გამოსასვლელად ემზადებოდა და არა ოპერისათვის. გარდატეხა ცნობილი სოლისტის ლაშა ნიქაბაძის ჩანაწერების მოსმენამ მოახდინა.    

 "ჩემმა კონცერტმეისტერმა, რომელიც შემდეგ ჩემი სიდედრი გახდა, ირინა კუხიანიძემ გამატანა ვიდეოკასეტა, სადაც იყო დიდი ტენორების მიერ შესრულებული პარტიები, მათ შორის იყო ლაშა ნიქაბაძის მიერ შესრულებული არია "ტურანდოტიდან", ეს რომ მოვისმინე, მე ესტრადაზე სიმღერა აღარ მომინდა, ეს ადამიანი გახდა ჩემი კუმირი. ახლაც ლაშას ჩანაწერებს ვისმენ ხოლმე და იმის მიხედვით ვცდილობ, მეც ვიმღერო"-ამბობს ბადრი. 

ბადრი ადამიამ მას შემდეგ სწავლა განაგრძო ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის კონსერვატორიაში, 2012 წლიდან კი ქუთაისის ოპერის სოლისტი გახდა. 

 პირველი გამოსვლა სცენაზე იყო არლეკინის როლში, ლეონ კავალოს ოპერა "ჯამბაზებში", რასაც მოყვა "ტრავიატაში" გასტონი, რის შემდეგაც "ქეთო და კოტეში" უკვე მთავარი როლი მიიღო. 

2017 წელს იტალიაში ოზიმოს საოპერო აკადემიაში ჩააბარა, ერთი წელი შეძლო ქალაქის მერიის მხარდაჭერით სწავლა.  ქალაქმა სწავლის საფასური გადაიხადა, მაგრამ შემდეგ წელს მან დაფინანსების მიღება ვეღარ შეძლო და იტალიაში სწავლის გაგრძელება გაურკვეველი დროით გადაიდო.

როგორც თვითონ ამბობს, დრო არ დაუკარგავს და ჩავიდა თბილისში, სადაც ოპერის თეატრის ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ მოუსმინა და "ქეთო და კოტეში" მთავარი როლი მისცა. ბადრი ადამია კოტეს როლს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, სავარაუდოდ, ახალ თეატრალურ სეზონზე შეასრულებს. 

რაც შეეხება იტალიაში სწავლის გაგრძელებას,  მისი თქმით, საოპერო მომღერლისათვის იტალიაში სწავლა 2 წლით მაინც აუცილებელია, ფიქრობს, რომ  ნოემბერში იტალიაში დაბრუნებას შეძლებს, რისთვისაც მას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება აუცილებლად დასჭირდება. 

 

 

 ამბობს, რომ ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, წარმატების მიღწევისათვის ბევრს მუშაობს მაესტროსთან გიორგი ლომთაძესთან და კონცერტმაისტერ ირინა კუხიანიძესთან ერთად, ამბობს, რომ ამაში ჩართულია საოპერო მოღერალი ლაშა ნიქაბაძეც. 

"გარდა იმისა, რომ კარგად უნდა მღეროდე, კარგად გამოიყურებოდე, თავი გეჭიროს დამაჯერებლად სცენაზე, ამის გარდა საჭიროა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე. რაც ყველაზე მთავარია, რომ შენი შესაძლებლობები გამოჩნდეს, საჭიროა დაფინანსება, რომ მოგეცეს საშუალება ევროპაში შენი თავი წარმოაჩინო. ამისათვის უნდა ჩახვიდე იტალიაში, მიიღო საჭირო განათლება და მოგისმინონ  იმ ადამიანებმა, ვინც ამინდს ქმნის. ამისათვის არის საჭირო ფინანსური  მხარდაჭერა".

 

   ბადრი ადამია მადლობა უხდის მშობლიურ თეატრს; "თეატრს, სადაც "რიგოლეტო" იდგმება, ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა, ამისათვის დიდი მადლობა ირინა ლომინაძეს, რეზო ჯავახიშვილს, მაია გაჩეჩილაძეს, მედეა კობახიძეს,  მთელ შემოქმედებით დასს... ამ დაფინანსებით, რომელიც თეატრს აქვს, ეს დადგმა არის გამარჯვება",- ამბობს ბადრი. 

მისი თქმით, ოპერას, ზოგადად ხელოვნებას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, "ჩვენ ქართველები თუ  რამით ვამაყობთ, ეს პირველ რიგში, კულტურას და ხელოვნებას უკავშირდება"- ამბობს ბადრი ადამია.

 იმ ბედნიერი შეხვედრის წყალობით, რაც ბადრის მუსიკასთან შეხვედრა წარმოადგენს, მან მუსიკალური ოჯახი შექმნა.  გარდა იმისა, რომ მისი კონცერმაისტერი მისი სიდედრი გახდა, მისი მეუღლე თიკო თევდორაძე ასევე კონცერტმეისტერია. 

 

„მინდა, ქუთაისი უცხოელ კოლეგებს გავაცნო“ - მარიკა მაჩიტიძე

გოჩა აბულაძე: ყველგან საქართველოს სახელით გამოვდივარ [VIDEO]

ავტორი: ირინა მაკარიძე