ბაღდათში ხანძრის შედეგად ქალი და 4 ბავშვი დაიღუპა
ბაღდათში საცხოვრებელ სახლში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწვა, 5 ცხედარია აღმოჩენილი- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ქალი და 4 ბავშვი.
ბაღდათში წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე პირველი სამაშველო ჯგუფი გამოძახებიდან ერთ წუთში მივიდა, თუმცა ცეცხლი უკვე მთელ სახლზე იყო მოდებული და მისი ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ცხედრები მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ იქნა ნაპოვნი.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ფეხმძიმე ქალი და მისი შვილები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ირინა მაკარიძე