"ბოდიში კარგია, მაგრამ მთავარია დანაპირები ბოლომდე მიიყვანონ"
"ბოდიში კარგია, მაგრამ მთავარია დანაპირები ბოლომდე მიიყვანონ" - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
ქუთაისში გამართული აქციის -"თავისუფლებასთან წააგებთ" შემდეგ აქტივისტების ერთი ნაწილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აკაკი საღინაძე აცხადებს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დანაპირები ბოლომდე შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო ტალღა განახლდება.
"შსს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, რომ მოიხადა ბოდიში - არის კარგი, თუმცა ეს მხოლოდ აქციის მოთხოვნების ერთი, ყველაზე მცირე მოთხოვნა არის, ამიტომ ახლა მთავარია, სხვა დანაპირებიც ბოლომდე მიიყვანონ და ამ შემთხვევაში ჩაითვლება აქცია შედეგის მომტანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის ამოწურვასთან ერთად დაიწყება და განახლდება ახალი საპროტესტო ტალღა, - აცხადებს საღინაძე.
"12 მაისს ქუთაისში გავმართეთ საპროტესტო აქცია და შემდეგ თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შევუერთდით. უამრავი ადამიანი განურჩევლად საქმიანობისა, მიღწევების და ასაკისა შემოგვიერთდა და მთელი დღე ღამე, არც თუ ისე სასურველ გარემოში, გარეთ იდგა და გამოხატავდა პროტესტს ყველაზე ნოვატორული და მშვიდობიანი გზით- ცეკვით.
აქციის იმ მიზანს ვუჭერ მხარს, რომ ერთი - აუცილებლად შსს-ს უნდა ეღიარებინა თავისი დანაშაული, რომელიც პარასკევ ღამეს თბილისში კლუბების დარბევისას ჩაიდინეს. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს არ იყო მხოლოდ 8 სავადაუდოდ ნარკორეალიზატორის აყვანის სპეცოპერაცია და მიზნად ისახავდა საკლუბო სივრცეში მყოფი ადამიანების, ახალგაზრდების დაშინებას. მეორე - აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, მათს შორის განსაკუთრებით მაღალჩინოსნები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას. ბოლოს - ნარკოპოლიტიკის ცვლილებას და ლიბერალიზებას, რადგან დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არააპრობირეულ და ძალადობრივ ბაზაზეა დაშენებული, რომელიც სახელმწიფოს უტოვებს იმის უფლებას, რომ გამოიყენოს უკანონო ანგარიშსწორებისთვის ან დაშინებისთვის, რასაც უამრავი ადამიანი ეწირება და განსაკუთრებით ადამიანების ყველაზე დიდი მონაპოვარი - თავისუფლება", -აცხადებს საღინაძე.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთავის პროსპექტზე აქცია დასრულდა შეთანხმებით, რომლის თანახმად, სპეცოპერაციის დეტალების განხილვა და დეკრიმინალიზაციის კანონზე მუშაობის განახლება მოხდება.
ავტორი: ნიუპრესი