დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება
ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო სახლის დაკავებული დირექტორის საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს ჩაბარდათ და ახლა მიმდინარეობს სააპელაციო სარჩელის მომზადება.
"გადაწყვეტილება უკვე ჩაგვბარდა და ახლა ვმუშაობთ, რომ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ეს განაჩენი არის უსამართლო და ბევრ კითხვას აჩენს. მე მქონდა კონსულტაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და კვლავ რჩება ეჭვები, რომ მოსამართლეზე ზეწოლა მოხდა, რადგან არ შეიძლება კვალიფიციურმა მოსამართლემ მტკიცებულების გარეშე ასეთი განაჩენი გამოიტანოს. ამაზე ვაპირებთ პრესკონფერენციის გამართვას და დეტალებზე შემდგომ ვისაუბრებთ", -განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი მერკვილაძის ინტერესებს მეორე ადვოკატი დაიცავს, რომელიც უკვე მუშაობს სარჩელზე. დაცვის მხარეს სააპელაციოში სარჩელის შესატანად ვადა 26 თებერვლამდე აქვს.
ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს დააკავეს. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა.
საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი