"დაველოდები, ქალბატონი ელისო რა განცხადებას გააკეთებს, რაზეა გულმოსული"
"დაველოდები, ქალბატონი ელისო რა განცხადებას გააკეთებს, რაზეა გულმოსული" - განუცხადა "ნიუპრესს" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჭეიშვილმა. მისი თქმით, ელეონორა არჩაიასთან მისი ოჯახის მიმართ ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არ უსაუბრია.
"მე ამ ფაქტთან დაკავშირებით ქალბატონ ელისოსთან არ მისაუბრია. უმრავლესობის სხდომაზე არ ვყოფილვარ, ამ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ თვითონ ქალბატონ ელისოს... როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ თვითონ თუ ამბობს ადამიანი, რომ ჯერ არ გააკეთებს ამ საკითხზე განცხადებას, ალბათ, მეც დაველოდები და ვნახავთ, რა განცხადებას გააკეთებს და რაზეა გულმოსული, ეს უკვე მისი პირადი გადასაწყვეტია", -განუცხადა "ნიუპრესს" ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ელეონორა არჩაიას მიმართ, რომელიც ადასტურებს მის ოჯახის მფლობელობაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს "იმერეთი ნიუსის" ფუნქციონირების გამო ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საკრებულოს ოპოზიციამ სოლიდარობა გამოთქვა, უმრავლესობა კი, არა თუ არ დაინტერესდა ამ საკითხით, არამედ ოპოზიციას სწორედ ამ სოლიდარობის გამო დაუპირისპირდა. გიორგი ჭეიშვილმა მუქარად შეაფასა დავით გოგისვანიძის განცხადება, რომელმაც კოლეგებს არჩაიას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა: "დღეს, შესაძლოა, ქალბატონ ელეონორას უჭირს და მოვა დრო, თქვენც დაგჭირდებათ ჩემი და ნებისმიერის მხარდაჭერა, ბარე ორი გამიყვანია ამ დარბაზიდან და გადავფარებულვარ ხალხის რისხვის გამო", - განაცხადა გოგისვანიძემ.
"ნიუპრესის" კითხვაზე, რას უკავშირდება ოპოზიციის განცხადების მუქარად შეფასება და აღიქვამს თუ არა საფრთხედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შესაძლო გაპრეზიდენტებას, გიორგი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ამას საფრთხედ არ აღიქვამს. მისი განცხადებით, მას ქალაქის საკრებულოს სხდომაზე რეაქცია დავით გოგისვანიძის განცხადებაზე ქონდა, რადგან მის პათოსში მუქარის მომენტი დაინახა.
"მე ასე აღვიქვი, რომ მან იგულისხმა, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და მისი ნათქვამი, რომ ბევრი გამიყვანია აქედან გადაფარებული და ბევრს გავიყვან - მუქარად აღვიქვი და ამასთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი რეაქცია", - განმარტავს ჭეიშვილი.
ქუთაისის საკრებულოს ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ეს გიორგი ჭიღვარიას მოვალეობაა, რომელიც "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის უფროსია.
"მაგაზე პასუხი უნდა გასცეს ოფიციალურად შტაბის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგიმ, არ არის ახლა ქალაქში და რომ ჩამოვა, დაუკავშირდით და მოგცემთ სრულ ინფორმაციას", - განუცხადა გიორგი ჭეიშვილმა "ნიუპრესს".
(ფოტო გადაღებულია 30 ოქტომბერს საკრებულოს კომისიის სხდომაზე)
ავტორი: ირინა მაკარიძე