დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის - რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. გასვლის გადაწყვეტილებას გაერთიანებული სამეფოს ამომრჩეველთა 52%-მა დაუჭირა მხარი. ევროკავშირში დარჩენას 48 % მიემხრო.
აღნიშნულის გამო გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა.
ბრიტანელების ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკულ ვითარებაში არიან ბრიტანეთის, ევროკავშირის და მთლიანად ევროპული ქვეყნების ლიდერები.
საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისი განცხადებით, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი „ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია“.
„ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს ამბავი პოლიტიკური თვალსაზრისით. რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. ეს ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ტუსკმა.
რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ამით ის 31 წლიან მინიმუმამდე დაეცა.
შეგახსებებთ, რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაიმართა. ბრიტანელებს ერთ კითხვაზე - "უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი?"უნდა გაეცათ პასუხი.
ავტორი: ნიუპრესი