|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეს არის არა ერთი რომელიმე არხის პრობლემა, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის-პრეზიდენტი

თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება საქმიანობა, ეს იქნება პრობლემა არა ერთი რომელიმე არხის, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

”რუსთავი 2”, ისე, როგორც ყველა დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედია, არის ნაწილი ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური მდგომარეობის. იმ მდგომარებისა, რომელიც ქმნის ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას. მედია აღიქმება მეოთხე ხელისუფლებად და მედიის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა არის შემადგენელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიულობის. კითხვები არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება თავისი საქმიანობა, ბუნებრივია, ეს იქნება პრობლემა არა ერთი რომელიმე არხის, არამედ ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში. ეს არის ის კითხვები, რომელიც არ ჩამოსულა დაბლა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგებიდან. ამ კითხვების მიმართ მიდგომა არ განელებულა არც ერთ ეტაპზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საუბარი მუდმივად შეეხებოდა მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს.

”მე კიდევ ერთხელ არ ვეხები სამართლებრივ დავას, არ ვეხები საკითხებს, რომელიც სასამართლოს კონტექსტში განიხილება, მაგრამ ნებისმიერი მედია ეკუთვნის არა მხოლოდ მედია საშუალებას, არამედ საზოგადოებას”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

”მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა ”იმედის” დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორი: ადმინი