ოლიმპიურ ჩემპიონს ქუთაისში ვარსკვლავი გაუხსნეს
ქუთაისის ოლიმპიურ სკვერში ოლიმპიელ ჩემპიონს ვარსკვლავი გაუხსნეს. საჩხერელი ძალოსანის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი იმერეთის გუბერნიის ორგანიზებით გაიხსნა. იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის თქმით, ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ მათ ლაშას შეპირდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნებოდა ქუთაისში.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. მან ჩემპიონს წარმატებისა და ქვეყნის პოპულარიზაციის გამო მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ლაშას და ყველა იმ სპორტსმენს, ვინც წარმატება მოუტანა საქართველოს. ლაშა იმერეთიდან არის და გისურვებთ, რომ მომავალ ოლიმპიადაზე იმერეთი მეტი სპორტსმენით იყოს წარდგენილი"-განაცხადა ლერი ხაბელოვმა. ხაბელოვმა მადლობის სიგელები გადასაცა ქუთაისში მოქმედ სხვადასხვა სპორტულ კლუბებს.
ღონისძებას ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის სახელით ქუთაისის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ ლაშა ტალახაძეს საჩუქარი გადასცა. დავით აღმაშენებლის სახელობის მონეტა გადაეცა ჩემპიონს "ბაზის ბანკისგან". ვარსკვლავის გახსნას ასევე ესწრებოდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო რობაქიძემ აღნიშნა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ვარსკვლავს ზვიად პატარიძესაც გაუხსნიან.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვარსკვლავის გახსნის გამო იმერეთის გუბერნიას და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. ქუთაისში იმყოფებოდნენ ლაშა ტალახაძის ოჯახის წევრებიც.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეათე ოლიმპიური ჩემპიონია, ვისი ვარსკვლავიც ქუთაისში გაიხსნა. მან საქართველოს სახელით ბრაზილიაში გამართულ ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი