იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ მეორისა და კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ამ პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმის შესახებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის გახსნილ და აქტიურ ჩართულობას ქალაქის პრობლემების გადაჭრის საქმეში.
"უძველესი ქალაქის უძველესი უბანში ვდგავართ ახლა, ისევ არჩევანის წინაშე ხართ, ახალი გამოწვევების წინაშე. ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა, განათლების, კულტურის, ღია ურთიერთობების, თვითმართველობისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობის, მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურის გზა.
ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გვაერთიანებს ერთი ქალაქი, ერთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია შექმნას ისეთი სისტემა რომ არ დაიჩაგროს არცერთი იძულებით გადაადგილებული, ბინებით უზრუნველყოს ყველა ოჯახი.თქვენ რომლებსაც საკუთრი სახლების დატოვება მოგიწიათ, დღეს ჩვენი ქალაქის ნაწილი ხართ. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და თითოეულმა ჩვენი წვლილი შევიტანოდ მის განვითარებაში. მისი კარგი და ცნობილი ღირსებების გაძლიერებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი