იოსებ ხახალეიშვილი:კიდევ მრავალ კარგ საქმეს წამოვიწყებთ, რომ ჩვენს ქალაქს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს "
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ირაკლი შენგელიასთან და ამირან კოპალეიშვილთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამარჯვების ადმინსტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის მერად მისი არჩევიდან დღემდე ქუთაისში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში საბინაო და საგაზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, არსებული ღია არხი კაპიტალურად დაიხურა, სპორტული მოედანი მოეწყო. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ტენდერია გამოცხადებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე. მისივე თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში, იგი გააგრძლებს ზრუნვას სკვერების, ქუჩების, ატრაქციონების მოწყობაზე, რათა ბავშვებს საკუთარ ქალაქში გართობისა და ჯანსაღი განვითარების უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეთ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალურ თემას - უფასო მედიკამენტების, აუტისტური ბავშვების დახმარების პროგრამებს. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იყო და იქნება განათლება. მისივე ინიციატივით, გასულ წელს სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაუფინანსდათ, რაც წარმატებული პროექტი გახდა და მიმდინარე წელსაც განხორციელდება.
„დაახლოებით, 7 თვეა, რაც ნდობა გამომიცხადეთ და ქუთაისის მერად ამირჩიეთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი საქმის კეთება გავაგრძელეთ, ბევრი ახალი საქმის კეთება წამოვიწყეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად კიდევ მრავალ კარგ საქმეს ჩავუყრით საფუძველს, რათა ჩვენს ქალაქს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი