|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეზობლის გამათბობელის გამო 70 წლის ქალბატონი გაზის ნამწვით იწამლება

მეზობლის მიერ არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის გამო ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები მზია კაკუშაძე იძულებულია საცხოვრებელი სახლი დატოვოს.

კაკუშაძეს პრობლემას გაზის ნამწვი უქმნის, რომელიც მეორე სართულიდან მეოთხემდე აღწევს. როგორც ქალბატონი ამბობს, გაზის ნამწვის გამო ბევრჯერ მოიწამლა და რამდენჯერმე  საავადმყოფოშიც მკურნალობდა. მისივე თქმით, პოლიცია და სასწრაფო მრავალჯერ გამოიძახა, ადგილზე ასევე ქუთგაზის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თუმცა, როგორც კაკუშაძე განმარტავს, მათ CO-ს აპარატი არ აქვთ და გაზის ნამწვს CO2 -ის აპარატით ამოწმებენ.

"ჩემს სახლში გაჩერება ყოვლად შეუძლებელია. შვილმკვდარი დედა ვარ, 70 წლის, ყურადღებას არავინ მაქცევს. იძულებული ვარ, სახლი მივატოვო და მოხუცებულთა თავშესაფარში გადავიდე. მე თვითონ სანეპიდსადგურში ვმუშაობდი 40 წლის განმავლობაში და ზუსტად ვიცი, რომ რა აპარატითაც ნამწვის არსებობას ამოწმებენ, ეს CO-ს აპარატი არ არის. ამით ვერც დაადგენენ ბინაში გაზის ნამწვის არსებობას. ამასთან, როცა ქუთგაზში ვრეკავ რომ მოვიდნენ და ბინა შეამოწმონ, ჩემ მეზობელს ატყობინებენ ამის შესახებ და სანამ წარმომადგენლები მოვლენ, გამათბობელს თიშავს“,-განაცხადა კაკუშაძემ. 

"სოკარის" ქუთაისის სერვის ცენტრში  აცხადებენ, რომ აპარატი აქვთ, თუმცა, ძველი მოდელია.

ნიუპრესი „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დავით ჯაიანის განცხადებით, კაკუშაძის მისამართზე ნამწვის ჯგუფი წელიწადში რამდენჯერმე მიდის, თუმცა ნამწვის შემცველობა სახლში არასდროს აღმოჩენილა. მისივე თქმით, შესამოწმებელი აპარატი კი არსებობს, უბრალოდ, ძველი მოდელის.

 

ფოტო-არქივის

ავტორი: ხატია ბანძელაძე