"მე ვარ ქუთაისელი და ვადის ამოწურვის შემდეგაც დავრჩები ქუთაისში"-გიორგი ჭიღვარია
"ჩემი მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა იქნება"-განაცხადა არასამთვარობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა.
გიორგი ჭიღვარიამ მის პროგრამასა და სამაომავლო გეგმებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჩართულობაა თვითმმართველობის საქმიანობაში. ხშირად ისე ხდება, რომ არჩევნების მერე საჯარო მოხელეები შორდებიან მოსახლეობას. მე ვეცდები, მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჩართულობა ჩვენს საქმიანობაში. მე ვარ ქუთაისელი და ვადის ამოწურვის შემდეგაც დავრჩები ქუთაისში, ამიტომაც არ ვაპირებ გავცე ისეთი დაპირებები, რასაც არ შევასრულებ და რის გამოც ჩემს შვილებს შერცხვებათ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანების კეთილდღეობა", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ და ასევე განმარტა, რომ მთავარია ქუთაისმა დაიბრუნოს კულტურულ-საგანმანათლებლო კერის სტატუსი, რისი კარგი შესაძლებლობაც ტექნოლოგიური უნივერტსიტეტი იქნება.
მან ასევე აქცენტი გააკეთა ქალაქში და ქალაქთან დაკავშირებულ პროექტებზე, როგორიცაა აეროპორტის გაფართოება და სვანეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მშენებლობა. ჭიღვარიამ ვიცე-გუბერნატორობის პოსტზე მისი მუშაობაც გაიხსენა.
"ხშირად მეუბნებიან, რას ვაკეთებდი ვიცე-გუბერნატორი რომ ვიყავი? ვიცე-გუბერნატორობა არ არის ისეთი პოსტი, რომ შენი გაკეთებული საქმე გამოჩნდეს. გუბერნიას არ აქვს ბევრი მექანიზმი და არის ინსტიტუცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ახლა მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომლითაც გუბერნიის ფუნქცია გაიზრდება", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი