"მერიის პროგნოზით, 2021 წლისთვის ქუთაისი იქნება უფრო ნაკლებად დასახლებული ქალაქი"
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების გეგმა არის აღიარება იმისა, რომ ქუთაისი უკან მიდის, გადამხდელები ქალაქიდან ან გავიდნენ, ან გაუუარესდათ ეკომონიკური მდგომარეობა.
"ქუთაისის მერიის პროგნოზით, 2021 წლისთვის ქუთაისი იქნება უფრო ნაკლებად დასახლებული ქალაქი, ისე, რომ, შეიძლება, მას რუსთავმაც კი გადაუსწროს. ქუთაისის შემოსავლები, დასაქმება და ეკონომიკური დონე იქნება იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე ეს 2017 წელს იყო. სწორედ ეს საშიშროება გვქონდა მხედველობაში, როდესაც ვაცხადებდით აქ პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირების და კიდევ სხვა სტრუქრურების გადმოტანის აუცილებლობაზე. "ქართული ოცნება" ჯიუტად გვმტკიცებდა, რომ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვას არანაირი გავლენა არ ექნებოდა ქუთაისის მომავალზე და პირიქით, გვთავაზობდა რაღაც უტოპიურ, 60 ათას სტუდენტზე გათვლილ უნივერსიტეტის იდეას, რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და როდის დამთავრდება, და დამთავრდება თუ არა, ჯერ კიდევ გაურკვეველია", -განაცხადა შუშანიამ.
ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტი შემცირებულია და თან დაუბალანსებული, ამასთან საერთოდ არ ასახავს იმ საარჩევნო დაპირებას, რომელსაც "ქართული ოცნება" გასცემდა.
"მერიის მიერ შემოტანილი ბიუჯეტის პროექტი არის საკმაოდ შემცირებული, ამასთან დაუბალანსებელი. შემცირებულია შემოსავლების ნაწილი, მაშინ როცა 6 მლნ-ით არის გაზრდილი ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი. 3 მილიონ ლარამდეა შემცირებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც იღებენ შემოსავალს და იხდიან ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს, ეს შემოსავალი შეუმცირდებათ. ასევე 3 მლნ ლარითაა შემცირებული ქონების გადასახადი. გაურკვეველია, თუ ადრე ხდებოდა ამ გადასახადის გადახდა და ეს ქონება არ გამქრალა, ახლა რა ხდება, სად გაქრა ეს 3 მლნ ლარი, გაურკვეველია. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, აქაც ბევრი გაუგებრობაა, აღნიშნული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საერთოდ არ ასახავს იმ საარჩევნო დაპირებას, რომელსაც "ქართული ოცნება" გასცემდა"- აღნიშნავს შუშანია.
ის პროექტში არსებულ "გაურკვეველ ხარჯებზე" საუბრობს და ასეთად ქალაქის განვითარების გეგმისათვის გათვალისწინებულ 100 ათას ლარს მიიჩნევს.
"არის უამრავი გაურკვეველი ხარჯი. მაგალითად, პრიორიტეტები, რომელიც წარმოადგინა მერიამ, ეყრდნობა ქუთაისის მერიის მიერ შემუშავებულ 2021 კონკრეტულად გაწერილ გეგმას, მაშინ როცა იგივე ბიუჯეტში წარმოდგენილია 100 ათასი ლარი იგივე განვითარების გეგმის შესაქმნელად, მაშინ უნდა აღიაროს "ქართულმა ოცნებამ", რომ მურღულიას მიერ დაწერილი განვითარების გეგმა, რომელზეც ასევე საკმაოდ მაღალი თანხები დახარჯა წინა წლებში მერიამ, არის უვარგისი. და გაუგებარია, თუ ეს გეგმა უვარგისია, რატომ დაედო საფუძვლად ჭიღვარიას მიერ შექმნილ ბიუჯეტს?"- აცხადებს შუშანია.
შეგახსენებთ, ახალი მერის მიერ შესწორებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 11 დეკემბერს წარედგინა. პროექტის თანახმად, ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 48 321,2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა, ბიუჯეტის ხარჯვითი 46 457,2 ათასი ლარს შეადგენს. 2018 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 627,0 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
ამ თემაზე: "ამ ბიუჯეტით არ ჩანს, რომ ვინმეს ნაფიქრი აქვს ან შემოსავლებზე, ან ხარჯებზე"
"შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები და გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი"
ავტორი: ირინა მაკარიძე