დაპირების მიუხედავად, ქუთაისელ მოსწავლეებს ამორტიზირებულ "სასახლეში" მოუწევთ სწავლის გაგრძელება
ქუთაისში არსებული ფუნქციადაკარგული სოლიდური შენობების პარალელურად მოსწავლეები ყოვლად უსახურ, ამორტიზირებულ შენობაში სწავლობენ. დაწესებულებას, რომელსაც "მოსწავლე-ხალგაზრდობის სასახლე" ქვია, სასახლესთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან შენობა არცთუ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს, რაც დაინტერესებული ბავშვებისათვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს.
შენობაში არსებული მდგომარეობა სწავლის პროცესისათვის სრულიად შეუფერებელია. ამორტიზირებული შენობიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გაყვანა და დაწესებულების სხვა შენობა განთავსება წლებია, განიხილება. ქუთაისის მერიაში წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს და შენობის გადმოცემას ელოდებიან.
საკითხით პარლამენტარი მარიამ ჯაში დაინტერესდა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე მაღალი ტრიბუნიდან რამდენჯერმე განაცხადა, რამაც პრობლემის გადაჭრის იმედი გააჩინა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ სექტემბერში ქუთაისელი მოსწავლეები რეაბილიტერებულ მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში გააგრძელებდნენ სწავლას.
პარლამენტარი მადლობას უხდიდა იმერეთის გუბერნატორს და ქუთაისის მერიას, რომ გარკვეული ნაბიჯები ალტერნატიული შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით უკვე გადაიდგა.
"იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეში უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული და არა მხოლოდ ახალი შენობა გადაეცემა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, არამედ სექტემბრისთვის ბავშვები შეძლებენ უკვე გარემონტებულ ახალ შენობაში გადასვლას და მათთვის საინტერესო მიმართულებებით სწავლის გაგრძელებას“, - აცხადებდა მარიამ ჯაში.
ალტერნატიულ შენობად პროკურატურის ყოფილი შენობა განიხილებოდა. როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი აცხადებს, შენობის საკითხი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა და 2 ათასამდე მოსწავლე სწავლას 36 ჯგუფში კვლავ ძველ ამორტიზირებულ შენობაში გააგრძელებს. არსებული შენობის რეაბილიტაცია კი, მისი თქმით, სრულიად უშედეგო იქნება.
ქუთაისის მერიაში ახლაც იგივე პასუხი აქვთ, რაც წლის დასაწყისში ქონდათ. შენობის გადმოცემას ეკონომიკის სამინისტროდან ამ დრომდე ელოდებიან, რეაბილიტაციის საჭირო თანხა ( 200 ათასი ლარი ) ბიუჯეტში კვლავ რჩება.
ეკონომიკის სამინისტროში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ შენობებთან დაკავშირებით მერიას პასუხი მიღებული აქვს. კითხვაზე, თუ რა შინაარსისაა პასუხი, სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. სავარაუდოდ, პასუხი უარყოფითია, ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რას ელოდებიან ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები სექტემბერში რეაბილიტირებიულ შენობაში შევლენ
დაგეგმილი რეაბილიტაცია უცნობ მისამართზე - ქუთაისში ახალგაზრდობის სასახლის გაურკვეველი ბედი
ავტორი: ირინა მაკარიძე