|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაძე მცხოვრებ რუხაძეების  ოჯახს  სოციალურად დაუცველის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს. როგორც ნანული რუხაძე აღნიშნავს, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საზღვარი გადაკვეთა, რაც სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის მიზეზი გახდა.

„სოციალურად დაუცველის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მოგვიხსნეს. ოჯახში  მომხდარი უთანხმოების გამო, რძალი სახლიდან წავიდა და როგორც სოციალურმა აგენტმა გვითხრა, საზღვარი გადაკვეთა, რის გამოც ჩვენ მოგვიხსნეს სტატუსი. ოჯახის წევრი კონტაქტზე არ გამოდის. წავიდა, ასეთ მდგომარეობაში დაგვტოვა და უკან ვერასდროს დაბრუნდება. ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრი აღარ არის და ჩვენ დავისაჯეთ მისი საქციელის გამო“, -განაცხადა ნანული რუხაძემ "ნიუპრესთან" საუბრისას. 

რუხაძეების 8-სულიანი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს, ერთ-ერთი მათგანი სკოლას წელს ასრულებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ძირითადად, სამედიცინო დაწესებულებებში უწევს ყოფნა.

„როცა ექიმთან ვიყავი, მითხრა, რომ შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო, ორკვირიანი მკურნალობა დამინიშნა და მერე გადახედავს ანალიზებს, ვმკურნალობ, თუმცა, შესაძლოა, მდგომარეობა დამძიმდეს“, -აღნიშნა ოჯახში მცხოვრებმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა.


„დიდი ხანია წამლების ყიდვას ვეღარ ავუდივართ, სრულწლოვანი ვინც გვყავს, მას დიაგნოზიც ვერ დაუსვეს ჯერ, სპორტსმენია და გასულ წელს ვარჯიშის დროს გული წაუვიდა, მას მერე ხან თბილისში დაგვყავს, ხან ქუთაისში ვმკურნალობთ. აღარ ვიცი, რა უნდა ვქნათ, ბავშვებს სწავლა უნდათ, მშიერს ხომ ვერ დავტოვებთ, ამ ყველაფერს წამლები ემატება, შემოსავალი კი არსაიდან გვაქვს“,-აღნიშნა ნანული რუხაძემ.

მისივე განმარტებით, მრავალი ცდის მიუხედავად, ბავშვების მამა სამსახურს ამ დრომდე ვერ პოულობს.

 „ჩემი შვილი სამსახურს ამ დრომდე ეძებს, ჰქონდა ერთი შემოთავაზება, ქალაქგარეთ, 10 ლარი უნდა აეღო დღეში, თანხა მგზავრობაში და ჭამაში დაეხარჯებოდა და სახლამდე არაფერი მოყვებოდა, 5 შვილი ჰყავს გამოსაკვები და ეს თანხა როგორ უნდა ვიმყოფინოთ“,- განაცხადა რუხაძემ.

 
მრავალშვილიანმა ოჯახმა დახმარებით ქალაქის მერიასაც მიმართა, თუმცა როგორც თვითმმართველობაში განუმარტეს, მათი დახმარება არ შეუძლიათ.

„ჩემი შვილი ქალაქის მერიაშიც იყო დახმარების სათხოვნელად, დავალიანება გვაქვს საავადმყოფოში და როგორმე მაინც რომ დაგვხმარებოდნენ, თუმცა განაცხადეს, რომ ჩვენი დახმარება არ შეუძლიათ.“

რუხაძემ ასევე განმარტა, რომ რადგან მრავალშვილიანი ოჯახია, სოციალური აგენტი ერთჯერადად 10-10 ლარით დახმარებას დაჰპირდა.

„როდესაც აგენტი მოვიდა და სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოგვართვა, მაშინ გვითხრა, რომ რადგან მრავალშვილიანი ოჯახია, ისევ მოვიდოდა ჩვენთან და ბავშვებს 10-10 ლარის ოდენობით, ერთჯერადად დაეხმარებოდა, თუმცა ამ დრომდე არავინ მოსულა.

ქუთაისში 2 738 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე