|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსჯავრდებულმა „ელექტრონავტ 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური  დაწესებულების მსჯავრდებულმა მ.თ-მ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების მე-9 ცერემონია „ელექტრონავტ 2016“- ში მიიღო მონაწილეობა.

ინოვაციური და თანამედროვე პოპკულტურის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია საკონცერტო დარბაზ „სფეის ჰოლში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მსჯავრდებულმა და თანამედროვე ქართველმა არტისტებმა საკუთარი მუსიკალური ნომრები ცოცხლად შეასრულეს.  

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსჯავრდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაწერილი საკუთარი მუსიკალური ნომერი შეასრულა, რომელიც „ელექტრონავტ 2016“-ის ნომინაცია „წლის საუკეთესო ტრეკში“ იყო წარდგენილი.

ფონდ „ელექტრონავტების” დამფუძნებლის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ელექტრონავტებში მსჯავრდებულის მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა.

„ელექტრონავტები უკვე ცხრა წელია არსებობს, მაგრამ წელს მსჯავრდებულის მონაწილეობა განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და მანიშნებელია იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ციხეშია, კულტურულ ცხოვრებას არ არის მოწყვეტილი. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესს,“ - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მსჯავრდებულის თქმით,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულებაში სპეციალური ოთახი გამოუყო, სადაც სტუდია გააკეთა და აქტიურად მუშაობს მუსიკის წერაზე.

„წელს „ელექტრონავტებში“ პირველად ვიღებ მონაწილეობას და წარდგენილი ვიყავი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ტრეკი“. მომეცა საშუალება, ჩემი კომპოზიცია დაჯილდოების ცერემონიაზე შემესრულებინა. დაწესებულებაში ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული. ვაკეთებ იმას, რაც გარეთ უნდა გამეკეთებინა - ვწერ მუსიკას და ამაში დაწესებულების ადმინისტრაცია ხელს მიწყობს,“- აღნიშნა მსჯავრდებულმა.

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ყოველწლიური ფესტივალი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენას ისახავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა