|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრაზე გატანა დღეს იგეგმება

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივის კენჭისყრაზე გატანა დღევანდელი პლენარული სხდომისთვის იგეგმება. საკონსტიტუციო პროექტი პირველი მოსმენით უკივე განხილულია. 
როგორც კენჭისყრებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, პროექტში მცირე რედაქციული ცვლილებები შევა, რის გამოც ინიციატორი კენჭისყრის გადადებას ითხოვს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობასთან პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეულია, იმის მიუხედავად, სხვა საკონსტიტუციო თემებზე არსებობს თუ არა შეთანხმება. 
საუბარია იმ საკანონსტიტუციო ინიციატივაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი რიგი კონსტიტუციური ნორმების შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". ამასთან, ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა, უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება. 
აღნიშნული პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებდა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კვორუმთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი 3/4-იანი კვორუმის 2/3-მდე დაწევას ითვალისწინებს, საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ იყო, თუმცა როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ეს პროექტის დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას არ ნიშნავს და მასზე პარლამენტი 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. 
როგორც ცნობილია, კვორუმის 2/3-მდე დაწევას უმცირესობა მხარს არ უჭერს.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა