|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 მაისობისთვის მზადება საგანგებო რეჟიმში ხორციელდება

რეაბილიტირებული მოედანი და საცხოვრებელი კორპუსები, განახლებული მესხიშვილის თეატრი, რეაბილიტირებული სახლების ნაწილი,  აღმაშენებლის ძეგლის ადგილას გაჩენილი  „შადრევან  პირველი“ და  ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე - ეს ის ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც ქუთაისში 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე ოფიციალურად უნდა გაიხსნას.

ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, რის  გამოც ტრანსპორტის მოძრაობა მოედანზე დროებით  შეჩერებულია. მუშებმა ამ დროისთვის უკვე დაასრულეს ტერიტორიაზე  ქვაფენილის დაგება. სამუშაოების ბოლო  ეტაპს გადის მიხელ სააკშვილის საყვარელი შადრევანიც.  რომლის შიგნით  დამონტაჟებულია განათება. შადრევანს მუშები წმენდენ, რის შემდეგ მასზე მოოქროვილი კოლხური ქანდაკებები განთავსდება. ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხარაჩოებშია ჩასმული საცხოვრებელი კორპუსები. სახლებზე ამ ეტაპზე დამატებით ერთი სართულის დაშენება მიმდინარეობს. სამუშაოების გარკვეული ნაწილი 2 მაისისთვის უნდა დასრულდეს. ამავე ტერიტორიაზე ფასადებს ღებავენ  შენობების ნაწილზეც.    მუშები აჩქარებული ტემპით მუშაობენ და პირობას იძლევიან, რომ სამუშაოები „2 მაისს უეჭველი ჩაბარდება“.    

საგანგებო რეჟიმში სრულდება სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზეც, სადაც აღმაშენებლის გამზირის შემდეგ, ველოგზა ამჯერად იქ კეთდება. მუშებმა დაასრულეს ფილაქნების დაგება და ტროტუარის მოწყობაზე მუშაობენ.

„ობიექტების ჩაბარება 28 აპრილს იგეგმება, თუმცა 2 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. რეაბილიტაციას ვასრულებთ დროულად. სამუშაოები კარგად და ხარისხიანად სრულდება,“ -ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

ქუთაისში მაცხოვრებლები მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ქალაქის იერსახესაც უნდა მიხედოს და მოქალაქეებზეც იზრუნოს.  

„ეს მთავრობა თუ რაიმე კარგს გააკეთებს, მხოლოდ მივესალმებით. ისეთი ტემპი აქვთ, რომ  2 მაისისთვის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეთ,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მარინა ჭეიშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე