|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბაღებში ქრთამის აღების ფაქტი დაფიქსირდა

ქუთაისში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან  პედაგოგები  გაათავისუფლეს. საბავშვო ბაღებიდან პედაგოგების გათავისუფლების მიზეზად, აღმზრდელების მხრიდან, ქრთამის  სახით საჩუქრების  აღება სახელდება.

სამსახურიდან გათავისუფლებულნი არიან, სკოლამდელი დაწესებულების  ქუთაისის  აიპ გაერთიანების №15-ე ფილიალის აღმზრდელები: ნათია მდივანი და ეკატერინე  მინდაძე. ასევე,  №29-ე საბავშვო ბაღის  ფილიალის აღმზრდელი – ეკატერინე ფიჩხაია.

საბავშვო ბაღებში პედაგოგების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტზე, თავად, სკოლამდელი დაწესებულების ქუთაისის აიპ გაერთიანების დირექტორი  მაია პაქსაძე საუბრობს.  „ჩვენ რამდენიმე კვირის წინ,  ერთ–ერთ ფილიალში დავაფიქსირეთ ქრთამის აღების  ფაქტი. ამიტომაც ქრთამის ამღები პედაგოგები გავათავისუფლეთ სამსახურიდან,“ - აღნიშნა პირად საუბარში მაია პაქსაძემ, თუმცა, ოფიციალურად, ქრთამის აღების გამო პედაგოგთა გათავისუფლებას ის არ ადასტურებს.

აიპი გაერთიანებიდან მიღებულ ოფიციალურ წერილობით ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აღმზრდელები პირადი განცხადების საფუძველზე იქნენ გათავისუფლებულნი. ოფიციალური წერილობითი ინფორმაციის თანახმად, პედაგოგებმა დაკავებული თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში და აპრილში  დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგებს ერთწლიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. როგორც მაია პაქსაძე ირწმუნება, საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.

ავტორი: "ახალი გაზეთი"