|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალტუბო პლაზა" – "გასაიდუმლოებული" პროექტი პარლამენტართა ქალაქში

წყალტუბოში, გრანდიოზული მრავალფუნქციური კომპლექსის, "წყალტუბო პლაზას" მშენებლობა განახლდა. როგორც newpress.ge–სთვის გახდა ცნობლი, სავარაუდოდ, კომპლექსის შემადგენლობაში, 80 ნომრიანი სასტუმრო შევა, სადაც 120 მონაწილეზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი მოეწყობა.

ასევე, გათვალისწინებულია 400 ადგილიანი ვერანდა, ლუდსახარში და სპა ცენტრი. ექსპლოატაციაში შესვლისთანავე, ამავე ტერიტორიაზე, აუზის, სატრენაჟორო დარბაზის, ბოულინგ ცენტრისა და 300–400 მაყურებელზ გათვლილი კინო–თეატრის აშენება იგეგმება. მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი წყალტუბოში 26 მაისის მოედანზე შენდება.

სავარაუდოდ, "წყალტუბო პლაზას" პროექტს გულისხმობდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, როდესაც "ახალ გაზეთთან" საუბრისას აღნიშნა: "წყალტუბოსთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი ინიციატივა. კონკრეტულად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დამუშავების პროცესშია. არ მინდა თემებს გავუსწრო. პროექტები კეთდება, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. აგვისტო–სექტემბერში, ძალიან ბევრი საკითხი იქნება ცნობილი".

"წყალტუბო პლაზას" გახსნაც, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ასე საგულდაგულოდ მალავენ და ექსკლუზივად ინახავენ, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. მშენებლობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო და რამდენიმე თვის წინ განახლდა. წყალტუბოს მრავალფუნქციურ კომპლექსს, საინვესტიციო კომპანია, MG company აშენებს.

"წყალტუბოს პლაზას" პროექტი წყალტუბოში პარლამენტართა სახლების მშენებლობასთან პირდაპირ კავშირშია. როგორც ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტარები წყალტუბოში დასახლდებიან და ქუთაისში გადმოტანილ საკანონმდებლო ორგანოში სწორედ წყალტუბოდან ივლიან. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე