|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ ასარდაფებ!", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას!" -აქცია ქუთაისში [VIDEO]

"ნუ ასარდაფებ!", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას!"-ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანებიან და  ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, ამიტომ გამოხატეს პროტესტი და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

"რაც ხდება ქვეყანაში არის დანაშაული, დაუშვებელია ასეთი ხელისუფლება მართავდეს ქვეყანას, ამიტომ უნდა გადადგნენ და პასუხი აგონ დანაშაულზე. უნდა დამთავრდეს მაფიოზური მმართველობა და ეს მოხდება 28 ოქტომბერს"-განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ. 

მათი თქმით, აქცია პარალელურად სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.

 შეგახსენებთ, "რუსთავი 2-მა" გლდანის ციხეში გაკეთებული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ   „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

 ჩანაწერებიდან  მრავალ კანონდარღვევას ეხდება ფარდა, მათ შორის ადამიანების გატაცების, წამების და არაფორმირებული შეიარაღებული ფორმირებების შესახებ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი